სასურსათო ექსპერიმენტი: ადგილობრივი პროდუქციის ფასები იმპორტირებულის წინააღმდეგ

ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ადგილობრივი წარმოების წახალისება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

მართალია, სახელმწიფო მუდმივად ცდილობს სხვადასხვა პროგრამებით ადგილობრივი წარმოების განვითარებას შეუწყოს ხელი, მაგრამ შედეგის მისაღწევად ეს საკმარისი არაა. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოებასაც აკისრია. ჩვენი სამომხმარებლო პატრიოტიზმისა და სოლიდარობის გარეშე ადგილობრივი წარმოების განვითარება ძნელად წარმოსადგენია და ამ მნიშვნელოვან საქმეში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა ყოველ ჩვენგანს შეუძლია. ხშირად გაიგონებთ, რომ მომხმარებელი იმპორტირებული პროდუქციის სასარგებლოდ არჩევანს ხარისხისადმი მეტი ნდობის გამო აკეთებს ან შეიძლება ფიქრობდეს, რომ უცხოური პროდუქცია უფრო იაფი ღირს, ადგილობრივთან შედარებით. რა თქმა უნდა, სიმართლის მარცვალი ამ მოსაზრებაშიც არსებობს, თუმცა დღეს საკმაოდ ბევრი დასახელების ქართული წარმოების, ხარისხიანი პროდუქციის ყიდვა იმპორტირებულზე გაცილებით დაბალ ფასად არის შესაძლებელი. ამაში თავად დავრწმუნდი, როცა bpn-სთვის მცირე ექსპერიმენტი ჩავატარეთ. პირველ რიგში, ყველაზე მოთხოვნადი საკვები პროდუქტების ნუსხა შევადგინე და იმპორტირებული და ქართული ანალოგების ფასები ერთმანეთს შევადარე.

მაღაზიის დახლ-მაცივრებში ხორცპროდუქტების დიდი არჩევანია.

ერთმანეთის გვერდით ქართული და იმპოტირებული პროდუქციის ასორტიმენტი აწყვია. მაგალითად, 1 კილოგრამი იმპორტირებული გაყინული ქათმის ფასი 7 ლარიდან იწყება მაშინ, როცა ქართული წარმოების, გაყინული ქათამი 6, 50 ლარი ღირს. 1 კილოგრამი იმპორტირებული ძეხვის ფასი 11 ლარიდან იწყება, ადგილობრივი წარმოების შეძენა კი 5 ლარიდან არის შესაძლებელია.

რაც შეეხება რძის ნაწარმს, ქართული წარმოების პროდუქცია აქაც გაცილებით იაფია. მაგალითად, იმპორტირებული კარაქის 400 გრამიანი შეფუთვის ფასი 4,10-5,80 ლარია, ხოლო მისი ანალოგი ქართული წარმოების პროდუქტის ფასი 3,10 ლარიდან იწყება. 1 ლიტრი თურქული წარმოების რძე 3,75 ლარი ღირს, ქართული წარმოების კი 3,30 ლარი. უცხოური კეფირის ფასი 2,80 ლარიდან იწყება, მაშინ, როცა ქართული წარმოების კეფირის შეძენა 1,70 ლარად არის შესაძლებელი.

დოლარის კურსის ზრდასთან ერთად, გაიზარდა იმპორტირებული იოგურტების ფასი. მაგალითად, თუ რამდნიმე თვის წინ იმპორტირებული იოგურტის შეძენა 0, 80 ლარად იყო შესაძლებელი, ამჟამად მისი ფასი 1,20 ლარია. სამაგიეროდ, ადგილობრივი წარმოების იოგურტები შედარებით იაფია და მათი ფასები 0, 85 ლარიდან იწყება. ფასებში თვალსაჩინო სხვაობაა იმპორტირებულსა და ადგილობრივი წარმოების ტკბილეულს შორის. მაგალითად, იმპორტირებული შოკოლადის ფილა 3,30 ლარი ღირს, ადგილობრივის ფასი კი 1,90-2,20 ლარის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება იმპორტირებულ საკვებ ზეთს, 1 ლიტრი მზესუმზირას ზეთი 4 ლარი ღირს, ხოლო ქართული წარმოების ანალოგის ფასი 3, 30 ლარიდან იწყება. ქართულთან შედარებით მაღალია იმპორტირებული სიმინდის ზეთის ფასი – 5 - 7 ლარია, ქართული წარმოების - 4,20 ლარი. იმპორტირებული პომიდვრის პასტას ფასი 4 ლარიდან იწყება, ქართული წარმოების ანალოგის შეძენა 3 ლარიდან არის შესაძლებელი. განსხვავებული ფასებია ჰიგიენურ საშუალებებზეც. მაგალითად, იმპორტირებული ტუალეტის ქაღალდის ფასი 0, 70 ლარიდან იწყება, როცა ქართული წარმოების პროდუქცია 0, 40 ლარი ღირს. ასევე, ფასთა სხვაობაა ქაღალდის ხელსაწმენდებს შორისაც, იმპორტირებული ხელსაწმენდების ფასი 1, 95 ლარიდან იწყება, ქართული ანალოგიური პროდუქციის შეძენა 0,70 ლარიდან შეგიძლიათ.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ ყველა ქართული პროდუქტი იმპორტირებულთან შედარებით იაფი და უფრო ხარისხიანია, თუმცა იმის თქმა თამამად შეიძლება, რომ დღეს სასურსათო მოთხოვნილება შესაძლებელია ადგილობრივი წარმოების ბევრი ხარისხიანი პროდუქტით დაიკმაყოფილო და გაცილებით უფრო ხელსაყრელ ფასად. რაც ყველაზე მთავარია, ქართული პროდუქციის შეძენით ჩვენ შეგვიძლია დღეს ადგილობრივი წარმოების განვითარება, რაც ხვალ ძლიერ ქვეყანას და წელგამართულ მოსახლეობას ნიშნავს.

სალომე გოგოხია