ნოდარ ხადური ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა.  ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, საქართველოს მიერ მაკროფინანსური დახმარების კუთხით ევროგაერთიანებასთან ხელმოწერილი მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა.  ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების შესახებ, ასევე საქართველოს მხრიდან მემორანდუმით განსაზღვრული ღონისძიებების შესახებ.

სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაკროფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას 2014 წლის დეკემბერში მოეწერა ხელი. მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირმა საქართველოსთვის 46 მილიონი ევრო გამოყო. "მაკროფინანსური დახმარების პროგრამის მიზანია საქართველოს საგადამხდელო ბალანსისა და ბიუჯეტის განმტკიცება და ისეთი რეფორმების მხარდაჭერა, რომელიც ეკონომიკური მართვის სფეროში რეფორმების განხორციელებაზე, სოციალური ჩართულობის გაზრდასა და უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციაზეა ორიენტირებული. მაკროფინანსური დახმარება მხარს უჭერს რეფორმებს საჯარო ფინანსების მართვის, სოციალური პოლიტიკის, საბანკო ზედამხედველობისა და ვაჭრობისა და კონკურენციის პოლიტიკის სფეროებში, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელებას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მემორანდუმში განსაზღვრული ღონისძიებები საქართველოს მხრიდან დროულად იქნა შესრულებული და ანგარიში ევროკავშირის წარმომადგენლებს გაეგზავნა. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაესწრო.