IDFI: 2014 წელს საჯარო დაწესებულებებიდან 8 388 თანამშრომელი გათავისუფლდა

2014 წელს სხვადასხვა მიზეზით საჯარო დაწესებულებებიდან 8 388 თანამშრომელი გათავისუფლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებით, IDFI-მა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით პროექტი - "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge" განახორციელა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ინსტიტუტმა საქართველოს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებიდან 2014 წელს გათავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი განახორციელა.

"IDFI-იმ 2014 წელს გათავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს 207 საჯარო დაწესებულებას, გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობის და გათავისუფლების მიზეზების მითითებით. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ 2014 წელს სხვადასხვა მიზეზით საჯარო დაწესებულებებიდან 8 388 თანამშრომელი გათავისუფლდა. საქართველოს 17 სამინისტროდან და სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ჯამში გათავისუფლდა 1 737 თანამშრომელი, მათი უმრავლესობა 1 225 თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროდან. სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული 42 სსიპ-დან და საქვეუწყებო დაწესებულებიდან ჯამში გათავისუფლდა 2 832 თანამშრომელი. დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან 2014 წელს სულ 568 თანამშრომელი გათავისუფლდა. 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებიდან ჯამში 3 251 თანამშრომელი გათავისუფლდა", - აცხადებენ IDFI-ში.

მათივე თქმით, ცენტრალური ხელისუფლების დაწესებულებებში და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან სამსახურიდან გათავისუფლების ყველაზე ხშირი მიზეზებია: პირადი განცხადება/საკუთარი ინიციატივა; შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; სხვა სამსახურში გადასვლა; დისციპლინური გადაცდომა. ამასთან, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების ყველზე ხშირი მიზეზებია: რეორგანიზაციის შედეგად გამოწვეული შტატის შემცირება - 1 377 შემთხვევა; დაწესებულების ლიკვიდაცია - 565 შემთხვევა; პირადი განცხადება/საკუთარი ინიციატივა - 481 შემთხვევა; ხელშეკრულების ვადის გასვლა - 336 შემთხვევა. "საჯარო სამსახურის რეფორმის მიხედვით, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან ხორციელდება, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მიმოქცევა უფრო განჭვრეტადი და დაბალანსებული უნდა გახდეს. საჯარო სამსახურის რეფორმის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის მიღება, რომელიც პარლამენტმა 2015 წლის 27 ოქტომბერს მიიღო და რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან სრულად ამოქმედდება. საჯარო სამსახურის რეფორმის პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს საჯარო სამსახურში კარიერული პრინციპების დამკვიდრება, რაც მას თავისთავად დაიცავს ისეთი რყევებისგან, როგორიცაა მასიური და დაუსაბუთებელი გათავისუფლება", - აცხადებენ IDFI-ში.