ბარაკ ობამამ 2016 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ განახლებულ კანონპროექტს მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2016 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ განახლებულ კანონპროექტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, მომავალ წელს აშშ-ის სამხედრო დანიშნულების ხარჯები 607 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კანონპროექტი უკრაინისთვის 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, ამერიკულ მხარეს ასევე, ექნება საშუალება, კიევს ლეტალური იარაღი გადასცეს.

როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა. როგორც ტვიტერის საკუთარ მიკრობლოგში პოროშენკო წერს, აღნიშნული ნაბიჯი "პარტნიორული სოლიდარობისა და მხარდაჭერის მაგალითია".