"ტაქსების ლიცენზირებამ შესაძლოა, ტაქსით მგზავრობის ტარიფის გაზრდა გამოიწვიოს"

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივით ქალაქის სატრანსპორტო სამსახურმა ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობა დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე ისევ უცნობია კონკრეტული მონახაზი, რის მიხედვითაც სფერო დარეგულირდება. მერიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით საკითხი განხილვის პროცესშია და გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ამიტომ თემაზე რაიმე კონკრეტულის თქმა არ შეუძლიათ. უცნობია ისიც, როდის დასრულდება საკითხზე მუშაობა.

დღესდღეობით, მგზავრთა სატრანსპორტო კერძო გადაყვანის სფეროს მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს, შესაბამისად ტაქსის ტრაფარეტის შეძენა სრულიად საკმარისია ამ საქმიანობის წამოსაწყებად. აღსანიშნავია ისიც, რომ სფეროში თვითდასაქმებულები გათავისუფლებულები არიან ყოველგვარი გადასახადისაგან. მხოლოდ თბილისში უხეში გათვლებით, 45-დან 50 ათასამდე ტაქსი მოძრაობს. მათი ნაწილი კერძო კომპანიას ეკუთვნის, ნაწილი კი თვითდასაქმებულთა დიდ არმიაში ირიცხება. BPN.GE დაინტერესდა, რას მოუტანს ტაქსების ლიცენზირება ქალაქს, რამდენად რეალისტურია საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა და რას ფიქრობენ რეგულაციის შემოღებაზე სფეროს ექსპერტები. თემაზე საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე და ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი გვესაუბრნენ.

შალვა ოგბაიძე: "წინა ხელისუფლების დროს ზედმეტად პოპულისტური ნაბიჯები გადაიდგა და რეგულაციის სფეროდან აბსოლუტურად ამოვარდა ტაქსების საკითხი. დღეს იმის მომსწრე ვართ, რომ არსებობს რამდენიმე გამართული, მცირე მასშტაბის სატოქსომოტორო კომპანია, რომელთაც ბიუჯეტში სოლიდური თანხა შეაქვთ. თუმცა, მათ გვერდით, სფეროში თვითდასაქმებულთა დიდი არმიაა, ისინი ბიუჯეტში არც ერთ თეთრს არ იხდიან. ჩვენი ეკონომიკის პირობებში, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი რაიონიდან, სოფლიდან ჩამოდის და ცდილობს ამ სფეროში დასაქმდეს. მეორე მხარესაა გარკვეული სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ტაქსი, როდესაც მას მგზავრი გადაჰყავს. მასში ჩაჯდომა არ უნდა იყოს საშიში, დაუშვებელია, რომ მანქანაში ანტისანიტარია სუფევდეს და აუცილებელია, რომ მძღოლს გააჩნდეს გარკვეული, შესაბამისი უნარ-ჩვევები უსაფრთხო გადაადგილებისთვის. ამ პირობებს, სამწუხაროდ მათი დიდი ნაწილი არ აკმაყოფილებს."

შალვა ოგბაიძის თქმით, მერიას პირველ რიგში, უნდა განესაზღვრა ლიცენზირების სტრატეგია და ჩამოეყალიბებინა ხედვა, რომელიც განსაზღვრავდა, თუ როგორი უნდა იყოს თბილისის ტაქსი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მისი მძღოლი. "საჭეს ძალიან ბევრი არაპროფესიონალი, დამწყები მძღოლი მართავს, მათ ძირითად შემთხვევაში, ძალიან ცუდად იციან ქალაქის ქუჩები, ყველაფერი ეს იწვევს იმას, რომ ტაქსის მძღოლი განწირულია წესების დარღვევისათვის და ასევე ძალიან დიდია ავარიების რისკი", - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ. მისი თქმით, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს, რამდენი ტაქსი სჭირდება დედაქალაქს და დასახელდეს გონივრული რაოდენობის რიცხვი. ასევე მოსამზადებელია სტატისტიკური მონაცემები, რომელიც აღრიცხავს ტაქსების ზუსტ რაოდენობას. "ამ ეტაპზე სავარაუდოდ, 40-დან 50 ათასამდე ტაქსია, ეს რიცხვი მერყეობს, ზოგჯერ მცირედით იკლებს ან იმატებს. თუ სახელმწიფოს ექნება ასეთი მიდგომა - აბა რა ქნას იმ ადამიანმა, რომელსაც პურის ფული არ აქვს, მაშინ იყოს ბოლომდე გულმოწყალე და ამ გზებზე ჩაადგმევინოს ფარდულები, დაუშვას გარევაჭრობა. ჩემი აზრით, ეს არის ცრუ გულმოწყალება, ცრუ ლიბერალიზმი და იმის აღიარება რომ მთავრობა ვერ ბედავს ამ სფეროში რეგულირების შემოღებას. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ტაქსები დადიან და კლიენტს ეძებენ. უნდა შეწყდეს ტაქსების ქაოტური მოძრაობა, არ შეიძლება, რომ საცობის პერიოდში მათი რიგები მიუყვებოდეს პირველ ზოლს. მიმაჩნია, რომ მერია, ისევე როგორც ზოგადად ხელისუფლება, ერიდება თავისი ამომრჩევლის გაღიზიანებას მომავალი წლის არჩევნებისათვის, ეს არის პრობლემა, როდესაც გადაწყვეტილების მიღებაში ერევა პოლიტიკური ნება", - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

დავით მესხიშვილის თქმით, სფეროში გარკვეული შეზღუდვების დაწესება საჭიროა, მაგრამ ლიცენზირების საკითხმა შესაძლოა, ტაქსით მგზავრობის ტარიფის გაზრდა გამოიწვიოს.

"თუ ეს გახდება ოფიციალური ბიზნესი, რომელიც უნდა დაიბეგროს, ვხედავ პრობლემას, რომ ასეთი ტიპის რეგულაციებმა შეიძლება გააძვიროს მგზავრობა. ლიცენზირებისთვის დასაწესებელი კონკრეტული თანხა ჯერ განსაზღვრული არ არის, ასევე უცნობია კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მფლობელი. დღესდღეობით თბილისის მერიაში თაროზე ბევრი საქმეა შემოდებული. მე არ მგონია, რომ ამ საარჩევნო წელს გატარდეს რაიმე რეგულაციები, რომელიც თვითდასაქმებულების ნაწილს დატოვებს უმუშევარს, ან ტარიფებს გაზრდის. ჩემი აზრით, საუბრები დაწყებულია იმისთვის, რომ მოისინჯოს საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. შესაბამის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს დღეს არსებული ტაქსების 80%. შესაძლოა ლიცენზირებამ დაარტყას ბიზნესსაც, ან პირიქით, დადებითად იმოქმედოს მასზე. ამიტომ საჭიროა, ტაქსების კომპანიებთან, არასამთავრობოებთან, შესაბამის უწყებებთან და დაინტერესებულ პირებთან ღია მსჯელობის დაწყება. საკითხი მოუმზადებელია, თემა უბრალოდ შემოგდებულია საზოგადოების რეაქციების დასატესტად. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკა გადაწონის რეალურ პრობლემებს, რის შედეგადაც ამ ეტაპზე სფეროში რაიმე კონკრეტული ცვლილებები არ გვექნება", - აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

ქრისტინე გამთენაძე