პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გამოყოფილ 5 000-ლარიან თანადაფინანსებაზე მეწარმეები საშემოსავლო გადასახადს აღარ გადაიხდიან

პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გამოყოფილი 5 000-ლარიანი თანადაფინანსება ჩაითვლება როგორც გრანტები და მიკრომეწარმეები მათზე საშემოსავლო გადასახადს აღარ გადაიხდიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.  მისი თქმით, შესაბამისი ცვლილება "გრანტების შესახებ კანონში" შედის. კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება.

"თქვენ მოგეხსენებათ, რომ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჩვენ გვაქვს მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულება, ეს არის 5 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტები. შესაბამისად, ჩვენ "გრანტების შესახებ კანონში" შეგვაქვს ცვლილება, გავიტანეთ კანონპროექტის დრაფტი, რომელსაც წარვუდგენთ პარლამენტს და რომლის მიხედვითაც აღნიშნული სახსრები ჩაითვლება როგორც გრანტები და შესაბამისად, მათზე ამ მიკრომეწარმეებს საშემოსავლო გადასახადი გადასახდელი აღარ ექნებათ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ამ წუთის მდგომარეობით 1 300-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე გამოვლენილია, 500 ბენეფიციართან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, მათ შორის 100-ზე მეტზე თანხა უკვე ჩარიცხულია. "ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი 636 ბენეფიციართან, ჯამში ეს ექვს მილიონნახევარი ლარია, რა ბიუჯეტიც ჩვენ ამაზე გამოყოფილი გვქონდა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.