ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრიტანულ მხარესთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემოსავლების და საბაჟო სამსახურს (HMRC) შორის საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო და საბაჟო სამსახურის (HMRC) დირექტორის ასისტენტმა ფლორენს ტენენტმა.

მემორანდუმი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ურთიერთობას და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამართალდამცველ სამსახურებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. აღნიშნული სამსახურის ცნობით, მემორანდუმი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, საგადასახადო, საბაჟო და ფინანსური სახის დანაშაულის სფეროში სამართლებრივ თანამშრომლობას მოიცავს. ასევე, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის საკითხებში.  "მემორანდუმი ითვალისწინებს საბაჟო და საგადასახდო დანაშაულის თავიდან აცილების, დადგენის, აღკვეთისა და გამოძიების სფეროში ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის პრაქტიკულ საკითხებს და არეგულირებს ადმინისტრაციულ ორგანოთა შორის ურთიერთდახმარებას", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე თქმით, მემორანდუმი ეფუძნება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის კონვენციას, სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპულ კონვენციას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაეროს კონვენციას და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს და საქართველოს შორის ხელმოწერილი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას.