ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება გაეზარდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუმცირდა

წლის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 96 მილიონით გაიზარდა, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტროს – 76 მილიონით შემცირდა

მთავრობის ინიციატივით და პარლამენტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბოლოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა. საბიუჯეტო ცვლილებები დღეს პარლამენტმა 84 ხმით დაამტკიცა.

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 155.0 მლნ ლარით მცირდება და 9 745.0 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც მთავრობა საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტავს, 2015 წლის 9-10 თვის ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის შემოსულობების კორექტირება და საბიუჯეტო სახსრების გადანაწილება ბიუჯეტის გადასახდელებში არსებული საჭიროებების მიხედვით.

2015 წლის 9-10 თვის ფაქტიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზებისა და საგასახადო შემოსავლების დინამიკის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 120.0 მლნ ლარით იზრდება და განახლებული პროგნოზი 7 520.0 მლნ ლარს შეადგენს, ასევე იზრდება პრივატიზაციიდან მისაღები შემოსულობები 45.0 მლნ ლარით, ხოლო შემოსულობების სხვა სახეები, მთავრობის განმარტებით, შესრულების ტენდენციის გათვალისწინებით კორექტირდება.

სახელმწიფო ვალის აღების მაჩვენებელი 293.0 მლნ ლარით მცირდება, მათ შორის სახაზინო ვალდებულებების სახით მისაღები შემოსულობები მცირდება 185.0 მლნ ლარით, ხოლო საგარეო წყაროებიდან მისაღები კრედიტები მცირდება 108.0 მლნ ლარით. ჯამში, ბიუჯეტის შემოსულობები მცირდება (ვალის შემცირების ხარჯზე) 155.0 მლნ ლარით და 9 745.0 მლნ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით, გადასახდელების ნაწილი 30.0 მლნ ლარით იზრდება და 9 605.0 მლნ ლარით განისაზღვრება, რაც როგორც მთავრობაში აცხადებენ, ძირითადად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დამატებითი რესურსის მოზიდვის საჭიროებით არის გამოწვეული.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში მთავრობის სარეზერვო ფონდი 15.0 მლნ ლარით გაიზარდა. როგორც ამასთან დაკავშირებით მთავრობა განმარტავს, სარეზერვო ფონდი წლის ბოლომდე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით იზრდება.

"საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მიღწეული შედეგების მიხედვით, სპორტსმენთა დაჯილდოებისთვის საჭიროა 7.0 მლნ ლარამდე", - აღნიშნულია საბიუჯეტო ცვლილებებზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 96.0 მლნ ლარით იზრდება და როგორც მთავრობა განმარტავს, ეს "ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის" პროგრამის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით ხდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება მცირდება 76.0 მლნ ლარით - მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 15.0 მლნ ლარით, ხოლო საინვესტიციო კრედიტების ნაწილში 64.0 მლნ ლარით. ამასთან, საინვესტიციო გრანტების ნაწილში იზრდება 3.0 მლნ ლარით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება ჯამში 5.0 მლნ ლარით მცირდება - ლიზინგის ვალდებულების დასაფინანსებლად 4.0 მლნ ლარი ემატება, ხოლო ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესება (WB) 9.0 მლნ ლარით მცირდება.

ბიუჯეტის გადასახდელები ჯამურად, 30.0 მლნ ლარით იზრდება.

ნათია ინაური