"თიბისი ბანკმა" ბიზნესრეიტინგის ნომინაციებში გაიმარჯვა

"თიბისი ბანკი" "ბიზნესრეიტინგის" მე-16 დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებულ კომპანიად დასახელდა. "თიბისი ბანკის" ინფორმაციით, ბანკს ჯილდო შემდეგ ნომინაციებში გადაეცა: "მაღალი საკრედიტო რეიტინგი", "საერთაშორისო აღიარება", "უნივერსალური ბანკი, უნივერსალური სერვისებით" და "სოციალური პასუხისმგებლობა".

"ბიზნესრეიტინგის" დაჯილდოება ტრადიციულად, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია "გორბის" ორგანიზებით ჩატარდა.  ცერემონიალზე წინასწარი გამოკითხვების შედეგად შერჩეული 30 საუკეთესო ბიზნესკომპანია გამოვლინდა.  ჟიურიმ საუკეთესო კომპანიები შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასა: მომხმარებელთა და მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ეფექტური მენეჯმენტი, ქველმოქმედება/მეცენატობა, ახალი ტექნოლოგიები, ახალი სამუშაო ადგილები, საერთაშორისო მიღწევები და აღიარება, საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR), ეფექტური მარკეტინგი, გამჭვირვალობა, გუნდის პროფესიონალიზმის დონე, პოტენციური საინვესტიციო მიმზიდველობა.

"ბიზნესრეიტინგის" დაჯილდოება 1995 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მის მიზანს ქართული ბიზნესის განვითარება და სტიმულირება წარმოადგენს.  სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვების გარდა, "თიბისი ბანკი" "ბიზნესრეიტინგის" დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო კომპანიად ორჯერ დასახელდა.