ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 18.3 %-ით შემცირდა

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 18.3 %-ით შემცირდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 85.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 204.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე, 18.3 %-ით (19.1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.7 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2015 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (33.4 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (8.7 მლნ აშშ დოლარი), იტალია (8.6 მლნ აშშ დოლარი), აშშ (8.2 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (5.0 მლნ აშშ დოლარი). სებ-ის ინფორმაციით, 2015 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.7 მლნ აშშ დოლარი (35,4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მლნ აშშ დოლარისა (28.0 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე