იაფი ნავთობის ხანა გრძელდება, საწვავი კიდევ გაიაფდება

ანალიტიკოსები 2016 წლის პირველ ნახევარში 1 ბარელი ნავთობის 30 დოლარამდე გაიაფებას ელიან. "შავი ოქროს" ამ მაჩვენებლამდე დაცემას აღარაფერი უკლია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, გაიაფებაზე გავლენა ამერიკული ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის გაუქმებამ და რეფინანსირების განაკვეთის 0,25%-ით გაზრდასთან დაკავშირებით, ამერიკის ფედერალური სისტემის გადაწყვეტილებამ იქონია. ლონდონის ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასი 37 დოლარის ნიშნულზეა, ხოლო ნიუ-იორკის ბირჟაზე - 35,52 დოლარია. მკვეთრად დაეცა ოპეკის კალათის ფასიც, რომელიც 33,33 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება საქართველოს ბაზარზე საცალო ქსელში 1 ლიტრი ბენზინისა და დიზელის ღირებულებას, საერთაშორისო ფასების ადეკვატური ჯერ კიდევ არ არის.

ნავთობკომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ მსოფლიოს სანავთობო ბაზარზე მიმდინარე პროცესები საქართველოს ნავთობის საბითუმო ბაზარზე უფრო სწრაფად აისახება. "საბითუმო ბაზარს დაეტყო, ვინაიდან ამ შემთხვევაში კონკურენცია უფრო მძაფრია. ძირითადი პროდუქტები - დიზელი და ნავთობი გაიაფებულია", - ამბობს ზაალ იაკობიძე. საქართველოს საბითუმო ბაზარზე, 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება 1,29-1,30 ლარია, ხოლო 1 ლიტრი დიზელი 1,20 ლარი ღირს. იაკობიძე აღნიშნავს, რომ საწვავის ფასი ადეკვატურია არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზეც, სადაც 1 ლიტრი დიზელი, საშუალოდ, 1,35-1,4 ლარი ღირს, ხოლო ბენზინი - 1,5 ლარი.

"საწვავი არაბრენდირებულ საცალო აგს-ებზე აშკარად გაიაფებულია. ცოტა რთულად არის საქმე ბრენდირებულებთან დაკავშირებით. ისინი ფასის ცვლილებაზე ცოტა უფრო გვიან რეაგირებენ. ზოგადად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება ბოლო 6-7 წლის განმავლობაში რეკორდულ მინიმუმზეა დასული", - აღნიშნავს იაკობიძე და დასძენს, რომ სანავთობო სექტორს აქვს მოლოდინი, რომ ნავთობის გაიაფება ისევ გაგრძელდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "შავი ოქროს" ფასზე გავლენა მოახდინა ამერიკაში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების შეთანხმებამ, რომელიც აშშ-დან ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს გაუქმებას ითვალისწინებს. წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ენ ვეგნერის განცხადებით, ემბარგოს მოხსნის სანაცვლოდ, დემოკრატებს საშუალება ექნებათ საგადასახადო შეღავათები დაუწესონ ქარისა და მზის ენერგიის გენერაციაზე ორიენტირებულ სექტორს. ახლა ჯერი სენატზეა - დაამტკიცებს თუ არა 40-წლიანი აკრძალვის გაუქმებას. სხვათა შორის, კონგრესის წარმომდაგენელთა პალატამ ორჯერ დაუჭირა მხარი ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის მოხსნას, თუმცა წინადადება არ მიიღო სენატმა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობოდნენ დემოკრატები.

ნავთობზე ფასის დაცემის კიდევ ერთი მიზეზი, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება გახდა. 2006 წლის შემდეგ პირველად გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი 0,25-დან 0,50 პროცენტამდე. ანალიტიკოსთა განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მსოფლიო ბაზრებზე.

"როგორც იქნა, შეგვიძლია ვისაუბროთ ეკონომიკის აღდგენაზე, თუმცა ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ეკონომიკური აქტივობა ზომიერი ტემპით გაგრძელდება, შრომის ბაზრის მაჩვენებელი კი გამყარდება", - განაცხადა ფედერალური სისტემის ხელმძღვანელმა ჯანეტ იელინმა. გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შესახებ სხდომაზე საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს. 2008 წელს ამერიკაში ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდეგ, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, თითქმის ნულამდე დაწია - 0,25%.

ანალიტიკოსთა პროგნოზით, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა 2008 წლის რეცესიის შემდეგ აშშ-ის ეკონომიკის მკვეთრ გაძლიერებაზე მიუთითებს. უმუშევრობა დაბალ მაჩვენებელზეა - 5%, ხოლო ინფლაცია არ გაზრდილა ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ დაწესებულ ზღვრამდე - 2%. ამერიკის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე წუთში ქვეყნის საფონდო ინდექსები 1%-ზე მეტით გაიზარდა: დოუ ჯონსის ინდექსი - 1,28%-ით, ნასდაქსის ინდექსი - 1,52%-ით, T$Z-ის - 1,45 პროცენტით.

ამერიკის ფედერალური სისტემის გადაწყვეტილება როგორ იმოქმედებს დოლარის კურსზე, ანალიტიკოსებს ზუსტი პროგნოზირება უჭირთ, ვინაიდან დოლარის საპროცენტო განაკვეთის აწევის ბოლო 8 შემთხვევიდან, მხოლოდ სამჯერ მოხდა ამერიკული ვალუტის გამყარება. ეკონომისტები ამას შემდეგნაირად ხსნიან: სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველთვის შესაძლებელია ფედერალური რეზერვის მოქმედების მეტ-ნაკლები პროგნოზირება. შესაბამისად, ეს ფაქტორი ვალუტის სიმყარეზე ადრევე პოულობს ასახვას, განაკვეთის აწევის პროცესის დაწყების შემდეგ კი სულ სხვა ფაქტორები (მათ შორის, ძვირი ვალუტის გამო, ეკონომიკის ზრდის შენელების მოლოდინი) იწყებს მოქმედებას. ამიტომ, თუ არ იქნება ძლიერი სტიმული (როგორიც შეიძლება იყოს განაკვეთის უფრო მკვეთრი აწევის შესაძლებლობის მინიშნება), დოლარის გამყარება მოსალოდნელი არც არის.

მარიამ ხიდაშელი

გაზეთი "რეზონანსი"

იხილეთ ვიდეო