თამბაქოს ბაზარზე დაწყებული ომი ფასებზე აისახა

ახალი წლიდან საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა.

როგორც სავაჭრო ჯიხურებში აცხადებენ, ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული "პარლამენტზე", "მარლბოროზე", "ჩესტერფილდსა" და "ელ ემ"-ზე. საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, კერძოდ, ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10 პროცენტამდე გაიზარდა.

სიგარეტის ფასის ზრდას მომხმარებელთა მხრიდან მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ზოგიერთი მომხმარებელი კი თამბაქოზე ფასის მატებას სხვადასხვა მიზეზს უკავშირებს. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, მისი ინფორმაციით, სიგარეტზე ფასის ზრდა „ომეგა მოტორსსა“ და „ჯიდი ალკოს“ შორის ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ბრენდის სიგარეტის შემოტანასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას მოჰყვა.

„ აგორებულ თემაზე ნუ ინერვიულებთ და პატარა სიმართლესაც გაგიმხელთ! მწეველებს დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ფასები ძალიან მცირედით გაიზრდება და არა ისე, როგორც თბილისს მოედო! მოკლედ Omega Motors-ის (იგივე BMW-ს ცენტრის) მფლობელმა "ბ-ნმა" - საქართველოს მძიმე წლებში, როგორც იცით, სიგარეტზე ვაჭრობით იშოვა დიდი ფული, რომლის "პაჩკებსაც" რაოდენობით კი არა და ნაბიჯებით ითვლის! ახლო წარსულში კი გამოჩნდა Gd Alco (ცნობილი თავისი ექსკლუზიური სასმელებით), რომლის ერთ-ერთმა თანამშრომელმაც გააფორმა Philip Morris-თან ხელშეკრულება და "დაახია" Marlboro, Parliament, LM, Chesterfield და Bond... ომეგა "იასნა", რომ აფექტშია და უჩივლა! - სასამართლოს დასრულებამდე კი „ჯიდი ალკო“ ვერ ყიდის 40 მილიონის პროდუქციას, „ომეგამ“ კი თითქმის ამოწურული მარაგის გამო ეს ამაყი ფასები დაადო (სახელის გასაფუჭებლად) ამ ბრენდებს. მოკლედ, დღეები დათვლილია იმის გამოც, რომ „ომეგას“ 120 მილიონი აქვს ვალი „ფილიპ მორისთან“ და ცხადია, დაკარგული აქვს ეს ბრენდებიც და მომავალიც“, - წერს „ფეისბუქზე“ ერთ-ერთი მომხმარებელი.

Read the English version on georgianjournal.ge