შუა აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ნავთობის ფასი იზრდება

ნავთობის ორ მთავარ მწარმოებელ - საუდის არაბეთსა და ირანს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი თითქმის 2,5%-ით გაიზარდა და ბარელზე 38,5 დოლარი შეადგინა. ნიუ იორკის ბირჟაზე კი აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასმა 2%-ით მოიმატა და ბარელზე 38 დოლარამდე გაიზარდა.

ნავთობზე ფასების ზრდას ექსპერტები საუდის არაბეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას უკავშირებენ. ერ-რიადმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა თეირანის მკვეთრი განცხადებებისა და ირანში საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა.

რამდენიმე დღის წინ, ერ-რიადის გადაწყვეტილებით, ტერორიზმის ბრალდებით საუდის არაბეთში 47 შიიტი სიკვდილით დასაჯეს. მათ შორის იყო ცნობილი შიიტი მქადაგებელი ნიმრ ალ-ნიმრი, რომელიც სამეფოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობის უფლებებს იცავდა. საპასუხოდ ირანმა მწვავე განცხადებები გააკეთა, შიიტი მქადაგებლის სიკვდილით დასჯას ირანში საპროტესტო აქციებიც მოჰყვა.