2015 წლის ყველაზე "ფრთიანი" გამონათქვამები

"შიდა შოკები, მადლობა ღმერთს არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები"

2015 წელი პოლიტიკოსების რეზონანსული განცხადებებითაც გამოირჩეოდა, რომელთა ნაწილსაც "ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-ში ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე საუბრისას ეკონომიკურ "შოკუნიებზე" ისაუბრა.

ნოდარ ხადური: "გარე შოკებზე ბევრს არ მოვყვები, რაც შეეხება შიდა შოკებს, შიდა შოკები, მადლობა ღმერთს, არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები და ეს პატარა შოკუნიები არის სურვილი ჩვენი ოპონენტების, რომ ნახონ ცეცხლში გახვეული საქართველო".

2015 წელს ნოდარ ხადურმა საკმაოდ საინტერესოდ განმარტა "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკაც: "ქამრების შემოჭერა არ გულისხმობს არც შტატების შემცირებას და არც საჯარო მოხელეებისათვის ხელფასის შემცირებას. არის სხვა უამრავი ადმინისტრაციული ხარჯი, რომელთა შემცირებაც შესაძლებელია".

საზოგადოება საკმაოდ დიდხანს განიხილავდა თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებას საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ საჩუქრებზეც:

"ზეიმებზე თოვლის ბაბუა დაპატიჟებული არავის ჰყავს. ვიღაც, როგორც ჩანს, თავისი ინიციატივით დადის", – აღნიშნა დავით ნარმანიამ და იქვე ხუმრობით დაამატა - "არაკომპეტენტური თოვლის ბაბუები არიან".

2015 წელს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად "გაზპრომის" საკითხიც იქცა, რომელსაც არა მხოლოდ საზოგადოებაში, მმართველ გუნდშიც განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა. რუსულ კომპანიასთან ქართული მხარის მოლაპარაკებები უარყოფითად შეაფასა სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ, რასაც ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ასე უპასუხა: "ჩვენდა სამწუხაროდ, არიან გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, მე მათ გაკოტრებულ პოლიტიკოსებს ვუწოდებ, რომლებიც რაღაცნაირად ცდილობენ, მოსახლეობას თავი შეახსენონ. თქვენ იცით, რომ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები მოდის და ამ თემის ირგვლივ გარკვეული მანიპულირება მოხდება. არაერთხელ აღვნიშნე და თქვენც ესწრებოდით იმ პრეზენტაციას, რომელიც წარმოვადგინე, თუ რა ურთიერთობები იყო წლების განმავლობაში, რა მოცულობის გაზს ვიღებდით, ვიღებთ და მომავალშიც მივიღებთ. მან ალბათ უფრო მეტად უნდა წაიკითხოს ის განცხადებები, რომლებიც ენერგეტიკის სამინისტროსა და კონკრეტულად მინისტრის მხრიდან იყო გაკეთებული და კითხვა არ დარჩება".

მაშინ, როდესაც მმართველი გუნდის წევრები ლარის გაუფასურებას რეგიონში არსებულ ვითარებას უკავშირებდნენ და ეკონომიკურ საფრთხეებს კატეგორიულად უარყოფდნენ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა გუნდის წევრებისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა:

"სამართლებრივად ქადაგიძე და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არ არიან და მეტიც, კონსტიტუციის თანახმად, დღეს ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არავინაა. ეს გაუგებარი ანომალიაა, მაგრამ რეალობა ასეთია და, სამწუხაროდ, დღემდე არც კანონმდებლობა შეცვლილა. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: 2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ... თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება. საზოგადოდ, ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერზე მთავრობაა პასუხისმგებელი. ლარის თაობაზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ მიმართულებით ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობას. რეაგირებასაც დროულად ახდენენ, მაგრამ შედეგზე ეს არ აისახება. რატომ ხდება ასე, საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მე ჩემს სამინისტროშიც ბევრი პრობლემა მაქვს".

გასული წელი იმითაც საინტერესო იყო, რომ პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ "ჭკვიან დიასახლისებს" ხორცის იაფად შეძენის საიდუმლო გაუმხილა:

"თუ კარგი დიასახლისია, გეტყვი, რამდენია საჭირო: ადამიანი გავა, იმ დღეს იყიდის ხორცს, როცა იაფია, იმ ხორცს ორად გაყოფს, სუპს გააკეთებს, მერე კიდევ შეურევს სხვა რაღაცებს, მაგალითად, კარტოფილს. ამისთვის სადღაც 20 ლარია საჭირო და შეიძლება კალორიებიც დაიცვა, სჯობს სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო და ა.შ. ამას უნდა კარგი, ჭკვიანი დიასახლისი, რომელმაც იცის, როდის გავიდეს ბაზარში. ესაა მთელი ხელოვნება".

განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა სოსო ჯაჭვლიანის გამოსვლა პარლამენტში, რომელმაც თბილისში გამართულ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფორუმზე

ყოფნა, ფაქტობრივად, პირად შეურაცხყოფად აღიქვა.

"ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი "იბიარდზე" იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე "იბიარდზე" ვერასოდეს ვერ ვიქნები - მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარდზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ".

აღნიშნული განცხადების გამო გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი "ბიბისიზეც" მოხვდა.

რუსა შელია