ხელშეუხებელი სსიპ-ები 1,5 მლრდ-ს ატრიალებენ

საქართველოში დაახლოებით 2500-მდე სსიპ-ი და აიპ-ია, თუმცა ბიუჯეტის ანგარიშგებაში მხოლოდ რამდენიმე ასეულია შეყვანილი. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაც მხოლოდ მათზე ვრცელდება. ამ მონაცემებით, 2016 წელს სსიპ-ებისა და აიპ-ების ბიუჯეტი 1,5 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 45% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ივსება, დანარჩენი 55% კი "კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან". სხვა დეტალები, მაგალითად, ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით, არსად ჩანს, რაც ეჭვს აღძრავს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური შემოსავალი ყოველთვის კრიტიკის საგანი იყო. 2010 წელს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სპეციალური მოკვლევა ჩაატარა კონტროლის პალატამაც. იმ პერიოდში ქვეყანაში სულ 2400-მდე სსიპ-ი მოქმედებდა და ბიუჯეტს გარეთ დაახლოებით 800 მლნ ლარი ტრიალებდა. დღეს სსიპ-ების რაოდენობა გაიზარდა და შესაბამისად, იმ თანხის მოცულობამ, რომელიც ბიუჯეტს გარეთაა, 1,5 მლრდ ლარსაც გადააჭარბა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ყველა უწყებაშია და მათ შორის, ზოგიერთ სამინისტროს 3-4 სსიპ ექვემდებარება. მათი დაფინანსება ზედამხედველი სამინისტროს ბიუჯეტიდან, გრანტებიდან და სხვადასხვა მომსხაურებაზე, სერვისებზე დაწესებული საფასურიდან ხდება.

მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში აღნიშნული უწყებების ფინანსებს როგორც წინა, ასევე მოქმედი მთავრობა რატომღაც არ ასაჯაროებდა. იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ მედიისა და არასამთავრობო სექტორის აქტიურობის შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ სსიპ-ებსა და აიპ-ებთან დაკავშირებით ფინანსური მაჩვენებლის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

"უკვე მეორე წელია მთავრობა სსიპ-ებისა და აიპ-ების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ეს არის სწორი, მაგრამ არასაკმარისია, რადგან მას გამჭვირვალობა აკლია. კარგია, მაგრამ ესაა მხოლოდ ციფრები და მეტი არაფერი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ არ გვაქვს სრული სურათი, რადგან საბიუჯეტო ანგარიშგებაში მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაწილია მოხვედრილი, არადა, მათი რაოდენობა 2500-საც კი აჭარბებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ალაფიშვილმა.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს სსიპ-ებისა და აიპ-ების ბიუჯეტი მთლიანად შეადგენს 1,521 მლრდ ლარს, საიდანაც 688 364 200 ლარს აღნიშნული უწყებები მთლიანად ბიუჯეტიდან იღებენ, დანარჩენი 833 277 000 ლარს კი კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან და გადასახდელებიდან. რამდენი ადამიანია სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებული, ეს არსად მოცემული არ არის. ბიუჯეტის ანგარიშგებაში მხოლოდ შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხაა გაწერილი - 686 108 000 ლარი, რაც სსიპ-ებისა და აიპ-ების მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 45%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სსიპ-ი მთლიანად ბიუჯეტიდან ფინანსდება, ზოგიერთს საკუთარ შემოსავალიც აქვს და თანხას სახელმწიფო ხაზინიდანაც იღებენ. მაგალითად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი შეადგენს 26 მლნ ლარს, საიდანაც 23 მლნ ბიუჯეტის ფულია, დანარჩენი სხვა შემოსავალია. შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტი 131 მლნ ლარს აღწევს, სიადანაც 37,1 მლნ-ს სახელმწიფო ხაზინიდან იღებს, დანარჩენ 93,9 მლნ-ს კი სხვა გადასახდელებიდან. ბიუჯეტიდან ერთი თეთრითაც არ ფინანსდება საჯარო რეესტრი და 37 მლნ ლარს ეს უწყება თავად "შოულობს". ბიუჯეტი ფულს არც აღსრულების ეროვნულ ბიუროს აძლევს. იგი 25,8 მლნ ლარს სხვა კანონიერი გადასახდელებიდან იღებს. იუსტიციის სახლის 28,5 მლნ-იან ბიუჯეტში კი ხაზინის წილი მხოლოდ 2 მლნ-ს შეადგენს და ა. შ.

"ხელისუფლებას მინდა შევახსენო ერთი ფაქტი: როდესაც 2013 წლის დასაწყისში საჯარო სამართლის იურიდიული პირების სისტემურ მოწესრიგებასთან დაკავშირებით წავიდა საუბარი, მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ დაიწყებდნენ მუშაობას, მათ შორის, ფინანსთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება. მაშინვე ითქვა, რომ მოწესრიგება დაიწყებოდა ფინანსთა სამინისტროდან. ამ დროს სწორედ ხადურის სამინისტროშია კურიოზული სიტუაცია, როდესაც არსებობს სსიპ-ი, რომელიც გადასახადებს კრეფს კიდეც და აქვე აქვს დეკლარირებული, მზარდი მოგება. მხედველობაში მაქვს შემოსავლების სამსახური. სამწუხაროდ, ხელისუფლება იმაზე შორს ვერ წავიდა და მხოლოდ ის გააკეთა, რომ ბიუჯეტში ერთიანი საბალანსო მონაცემები ასახა, მაგრამ ესეც არასაკმარისად, რას საქმიანობს ესა თუ ის უწყება, რას ხმარდება ხარჯი, ეს არ არის საჯარო. არადა, საჯარო ფინანსები გამჭვირვალედ უნდა იმართებოდეს და ანგარიშგების ხარისხიც უნდა იყოს მაღალი", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ლევან ალაფიშვილმა.

რაც შეეხება აღნიშნულ უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობას, ეს ბიუჯეტის ანგარიშგებაში ნახსენები არ არის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იქ გაწერილი მხოლოდ შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხაა. ალაფიშვილის თქმით, სსიპ-ებსა და აიპ-ებში თითქმის იმდენი ადამიანია დასაქმებული, რაც სხვა საჯარო სექტორში.

"სსიპ-ებში, აიპ-ებში და სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასებს სჭირდება მილიარდობით ლარზე მეტი. ამას თუ დავუმატებთ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, სახელმწიფო საწარმოებს, ვნახავთ, რომ ბიუჯეტს ბიუროკრატიის შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდება. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ აიპ-ებსა და სსიპ-ებში გაბერილია კადრების ოდენობაც და იქ მიდის ნაცნობ-მეგობრობით დასაქმება. ეს უწყებები დასაქმების ბიუროებად არიან გადაქცეულნი. ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებელია სისტემური მოწესრიგება და უფრო მეტი გამჭვირვალობა", - დასძინა ალაფიშვილმა.

კანონის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია. იგი სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. სახელმწიფო კი ამ მომსახურებისთვის მოსახლეობას დამატებით გადასახადებს უსაზღვრავს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არც ისე მცირეა.

სპეციალისტების განცხადებით, უნდა შემუშავდეს ერთიანი კონცეპტუალური მიდგომა თუ რომელ სერვისს იტოვებს სახელმწიფო და რომლის განკერძოება არის შესაძლებელი. მთავრობის დადგენილება და ანგარიში არ იძლევა წარმოდგენას იმაზე, თუ რა პრინციპით შეირჩა საჯარო სამართლის იურიდიული პირები ან რა გათვლით განისაზღვრა მათი მომსახურების ტარიფები.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"