მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის თარიღმა, სავარაუდოდ, გადაიწია

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის თარიღმა, სავარაუდოდ, გადაიწია საგზაო უსაფრთხოების პროექტთან დაკავშირებულმა საკანონმდებლო პაკეტმა საავტომობილო ბიზნესს პრობლემები ამოქმედებამდე შეუქმნა. ავტოიმპორტიორებმა, დაანონსებული თარიღის მიხედვით, საკუთარი ბიზნესგეგმები შეცვალეს და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეკვეთების მიღება შეწყვიტეს. როგორც აღმოჩნდა, იაპონიიდან იმპორტირებულ მანქანებზე რეგულაციები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე არ ამოქმედდება, ბიზნესმა კი უკვე იზარალა.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან ერთად ცვლილებები 9 წელზე მეტი ასაკის მანქანების განბაჟების მნიშვნელოვნად გაძვირებას ითვალისწინებს, თუმცა არაა გამორიცხული, მთავრობის მიერ ინიცირებული რეგულაციები არსებული სახით არ შევიდეს ძალაში. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით კონკრეტული შენიშვნები აქვთ.

არასამთავრობო სექტორის ნაწილი კი საგზაო უსაფრთხოების პროექტის არსებული სახით ამოქმედებას ითხოვს. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. მანამდე კი მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება, მათი ფასი კი იზრდება.