„ვარსკვლავური ომები“ რეკორდებს ხსნის

ჯორჯ ლუკასის ლეგენდარული საგა „ვარსკვლავური ომები“ თითქმის ერთი თვეა კინოინდუსტრიაში რეკორდების მოხსნას განაგრძობს.

18 დეკემბერს კინოგაქირავებაში გამოსულ „ვარსკვლავური ომების“ ბოლო ეპიზოდს, ჯეი ჯეი აბრამსის „ძალის გამოღვიძებას“, რომელმაც გახსნის დღისა და გახსნის უქმეების რეკორდი მოხსნა, მხოლოდ 20 დღე დასჭირდა, გამხდარიყო არათუ 2015 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი, არამედ ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი ამერიკის მასშტაბით. აქამდე ამ ტიტულის მატარებელი ჯეიმს კამერონის „ავატარი“ იყო, რომელმაც 760 507 625 დოლარის შემოსავალი 318 დღეში მიიღო.

გარდა ამისა, „ვარსკვლავური ომები“ გახდა ერთადერთი ფილმი ამერიკულ ბაზარზე, რომელმაც 800 მილიონიან ნიშნულს გადააბიჯა. თუმცა, ეს საბოლოო მაჩვენებელი არ არის - ფილმის ჩვენება ადგილობრივ კინოთეატრებში წარმატებით გრძელდება. ბოლო რეკორდი „ვარსკვლავური ომების“ ანგარიშზე ჩინეთში დაფიქსირდა - მხოლოდ ერთ დღეში ფილმმა 53 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო და ამით ქვეყნის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა.

თუმცა, ჯერ კიდევ რჩება ერთი მაგრამ.... ახალი „რეკორდსმენი“ ჯერჯერობით არ არის ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი მსოფლიო მასშტაბით. ეს ტიტული 2009 წელს გამოსულ „ავატარს“ ეკუთვნის, რომლის შემოსავლებთან მიახლოება ჯერ ვერავინ მოახერხა. „ვარსკვლავური ომების“ ბოლო ეკრანიზაცია ამ რეიტინგში (2016 წლის 10 იანვრის მონაცემებით) მხოლოდ მესამეა ჯეიმს კამერონის ორი ქმნილების „ავატარისა“ და „ტიტანიკის“ შემდეგ, რომელთა შემოსავლები ორ მილიარდს აჭარბებს.

ასე რომ, ჯერ კვლავ უცნობია, გახდება თუ არა „ორმილიარდოსანთა კლუბის“ საპატიო მესამე წევრი „ვარსკვლავური ომები“, რომლის ბიუჯეტიც მხოლოდ 200 მილიონი დოლარია.

ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ტოპ 10

bpn

ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები ამერიკის მასშტაბით

bpn

კოკა კვირკველია

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე