ფქვილზე ფასის მატება პურს გააძვირებს

თუ ფქვილზე ფასი მაღალი პროცენტით მოიმატებს, პურის ფასიც გაიზრდება.

ამის შესახებ კომპანია ”იფქლის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ბაქარ ბაკურაძემ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”ბიზნესპერსონა” განაცხადა. მისივე თქმით, პურის ფასის 60%-ზე მეტს ფქვილის ფასი განსაზღვრავს.

”ძირითადი პროდუქტი, რისგანაც პური კეთდება, ეს არის ფქვილი. ამიტომ ფქვილის ფასზეა ყველაზე მეტად დამოკიდებული პურის ფასი. არსებობს გარკვეული მუხტი, რომელიც შეიძლება მეწარმემ აიტანოს. მაგრამ ფქვილზე რომ დიდი პროცენტით მოიმატოს ფასმა და ამ დროს პურის ფასი შენარჩუნებული იყოს, ეს არარეალური იქნება”, - განაცხადა ბაქარ ბაკურაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პურს პოლიტიკური ფასი არ აქვს.

”ამ წუთს ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პურს პოლიტიკური ფასი აქვს. უბრალოდ, იმდენად დიდია კონკურენცია, რომ მისგან გამომდინარეა ეს ფასი ასეთი დაბალი. რეალურად, სწორედ კონკურენცია განაპირობებს იმას, რომ ფასი დაბალ დონეზე იყოს შენარჩუნებული”, - აღნიშნა ბაქარ ბაკურაძემ და დასძინა, რომ თუ რომელიმე ბაზრის მონოპოლიზირება მოხდება, ამან შეიძლება პურის ფასების მატება გამოიწვიოს.