მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 1%-ის ქონება დანარჩენი მოსახლეობის ქონების ტოლფასია

მსოფლიოში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ადამიანების 1%-ს, რაც 73 მილიონ ადამიანს შეადგენს, იმდენივე ქონება აქვს, რამდენიც პლანეტის მოსახლეობის 99%-ს ერთად აღებული.

სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია Oxfam-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 62 ადამიანს იმდენივე ქონება აქვთ, რამდენიც 3,6 მილიარდ ყველაზე ღარიბ ადამიანს.

„2010 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს მდიდარი ადამიანების ქონება 0,5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და 1,76 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში დედამიწის შედარებით უზრუნველყოფილი მოსახლეობა თითქმის ერთი ტრილიონით გაღარიბდა და ქონების 41% დაკარგა“, - ნათქვამია „ოქსფამის“ ანგარიშში.

2010 წელს მსოფლიოს 388 მდიდარი ადამიანის ქონება პლანეტის მოსახლეობის 50%-ს უდრიდა.

კვლევის ჩატარებისას Oxfam დაეყრდნო ერთ-ერთი მსხვილი ბანკის Credit Suisse-ის ოქტომბრის მონაცემებს.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 10%-ში შედიან ადამიანები, რომლებიც დაახლოებით 69 ათასი დოლარის ოდენობით აქტივებს ფლობენ. 760 ათასი დოლარის ოდენობის აქტივების მფლობელები კი 1%-ში ხვდებიან.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობა სულ უფრო იზრდება და ამის ერთ-ერთი მიზეზი უთანასწორობაა, კერძოდ კი ოფშორული ზონების გავრცელება, რაც ხელს უწყობს მდიდარ ადამიანებს, თავი აარიდონ გადასახადებს.

„მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული სხვაობის პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებელია ეკონომიკური და ფინანსური სისტემის რეფორმირება, ოფშორული ზონების დახურვა და გლობალური კონცერნების იძულება, გადაიხადონ გადასახადები“, - ნათქვამია „ოქსფამის“ ანგარიშში.