ხალხმა 2 მილიარდი დოლარის ქონება დაკარგა!

ასი ათასზე მეტმა ოჯახმა საქართველოში ქონება უკვე დაკარგა. საბანკო ვალების თუ უმუშევრობის გამო უამრავ ადამიანს ქონების დათმობა უწევს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მესაკუთრეები აღსრულებაზე გადაცემული ქონების მხოლოდ 20-25%-ის შენარჩუნებას ახერხებენ. მოვალეების 3/4 კი რეალურად კარგავს ქონებას.

"რეზონანსი" შეეცადა გარკვევას, რამდენად დიდი ქონება დათმო მოსახლეობამ და საკმაოდ საგანგაშო სტატისტიკა მიიღო:

აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით ამჟამად სულ 144 442 ჩანაწერია. არსებული მონაცემებით, მესაკუთრეები აღსრულებაზე გადაცემული ქონების მხოლოდ 20-25%-ის შენარჩუნებას ახერხებენ. ამის შესახებ "რეზონანსს" სწორედ აღსრულების საკითხზე მომუშავე ერთ-ერთმა ორგანიზაციამ აცნობა. მათივე ინფორმაციით, 100-დან მხოლოდ 20-30 ადამიანი თუ ახერხებს დროებით მაინც დაიხსნას ქონება აღმასრულებლებისგან. შესაბამისად, 144 ათასი პრობლემური ფიზიკური თუ იურიდიული პირისგან აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე დაკარგული აქვს საკუთრება.

აქედან გამომდინარე, ბოლო წლებში საქართველოში უძრავი ქონება დაახლოებით 100 000 ადამიანს აქვს ჩამორთმეული და აუქციონზე გაყიდული. თუ ამ ქონების საშუალო ღირებულებად 20 000 დოლარს ავიღებთ (უძრავი ნივთის ფასი განსხვავებულია რეგიონების და მისი მოცულობის მიხედვით. შესაბამისად, უფრო კონკრეტული ღირებულების დასახელება ჭირს), ჯამში, დაკარგული ქონების საერთო ღირებულება 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ადამიანებს, ძირითადად, ბანკებთან ან კერძო მევახშეებთან აქვთ პრობლემა. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ შექმნილმა საბანკო-საფინანსო პოლიტიკამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღატაკების საფრთხის წინაშე დააყენა. გარდა იმისა, რომ ბევრმა ადამიანმა სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი ქონება დაკარგა, უამრავს საფრთხე ჯერაც ემუქრება.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ფიქრობს, რომ საქმე გვაქვს დიდი მოცულობის ქონების დაკარგვასთან, რის გამოც ათეულ ათასობით ოჯახი გაღატაკდა.

სამწუხაროდ, არ მომხდარა აღწერა და უცნობია, რამდენმა ადამიანმა დაკარგა უძრავი ქონება საქართველოში. მოვალეთა რეესტრში არსებული მონაცემებით თუ ვიხელმძღვანელებთ, სავარაუდოდ, ასეთი 100 000-ზე მეტი ადამიანი უნდა იყოს. პრობლემა არის ძალიან მასშტაბური. უმეტეს შემთხვევაში იგი საბანკო სექტორს უკავშირდება.

სხვადასხვა დროს უამრავმა ადამიანმა ჩადო უძრავი ქონება სესხის სანაცვლოდ და ვერ შეძლო ვალის გასტუმრება. ცხადია, დიდი მოცულობის ქონებასთან გვაქვს საქმე. ღირებულების თვალსაზრისით, დანაკარგი მასშტაბურია, მაგრამ გაცილებით დიდი დარტყმაა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ერთადერთი საცხოვრებელი დაკარგეს ან ახლა კარგავენ", - აცხადებს ავთო სილაგაძე.

პრობლემის მასშტაბურობას აკადემიკოსი ხსნის იმით, რომ ქვეყანაში საბანკო სამართალი არ არსებობს და მოქალაქეები, მევახშეების თუ ბანკების გამოისობით, ხშირად ერთადერთ საცხოვრისსაც კარგავენ.

"საფრთხე არის ძალიან დიდი, რომელიც გარემო პირობებმაც განაპირობა, მაგრამ მეტწილად ადამიანთა გამოუცდელობამ. თავის დროზე ბანკების ძალიან მაღალმა, გაუმართლებელმა საპროცენტო განაკვეთებმა მოსახლეობის დიდ ნაწილს ქონება დააკარგვინა. პრობლემა კიდევ უფრო დამძიმდა კერძო მევახშეების გამოისობით. ადამიანს როცა უჭირს, სესხს ქონების სანაცვლოდ იღებს. ამ რისკზე ხშირად მიდის. ამიტომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც მოქალაქეებს გაკოტრებისგან დაიცავს.

პროლემის 1/3 თუ ბანკებზე მოდის, 2/3 მევახშეების კისერზეა. ეს იმის ბრალია, რომ ქვეყანაში, კერძოდ, საბანკო სისტემაში, ვერ შეიქმნა კონკურენტული გარემო, რომ სესხის გამცემი ორგანიზაციები თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ", - აცხადებს სილაგაძე.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე, რომელიც იპოთეკით დაზარალებულების პრობლემებზე მუშაობს და ხშირად მართავს აქციებს მათთან ერთად, ამბობს, რომ ადამიანებს, ძირითადად, ბანკებთან ან კერძო მევახშეებთან აქვთ პრობლემა. წინა ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებულმა საბანკო-საფინანსო პოლიტიკამ საფინანსო ტერორში მოაქცია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ბევრმა ადამიანმა, სხვადასხვა მიზეზის გამო, საკუთარი ქონება დაკარგა და ზოგი კი მომავალში დაკარგავს.

"ახალმა ხელისუფლებამ არჩევნებამდე გასცა პირობა, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ პრობლემის გადაჭრას ქობულეთიდან დაიწყებდა, რადგან ეს პრობლემა ყველაზე აქტუალური იქ იყო.

პრობლემა გაჩნდა იმ პერიოდიდან, როდესაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე მოხვდა ციხეში. უამრავი ადამიანის მიმართ გამოიტანა ხელისუფლებამ გამამტყუნებელი განაჩენი, რის გამოც ხალხი იძულებული გახდა, ბანკში უძრავი ქონება ჩაედო, რათა თავისუფლების აღკვეთის პირობები შეემსუბუქებინათ თავიანთი ნათესავებისთვის. ვისაც ბანკმა არ მისცა კრედიტი, კერძო მევახშეებთან წავიდა და უფრო მაღალ პროცენტად გამოიტანა სესხი.

გარდა ამისა, იმ პერიოდში თუ ვინმეს ბიზნესი ჰქონდა, ის აუცილებლად სახელმწიფოს კლანჭებში ხვდებოდა, შემდეგ ისინი კარგავდნენ ბიზნესს. ხალხი ხდებოდა გადამხდელუუნარო.

ათასობით ადამიანი დღესაც იმ რეალობის წინაშე დგას, რომ კარგავს ერთადერთ ქონებას. ეს პრობლემა მარტო თბილისში, ქუთაისში ან სხვა დიდ ქალაქში არ არის. ძალიან სერიოზული საფრთხეა მთელი საქართველოს მასშტაბით", - ამბობს თამაზ ბაკურაძე.

საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ადასტურებს, რომ საბანკო სექტორში მომხმარებლების ინტერესი აბსოლუტურად იგნორირებულია, რაც კანონმდებლობის ხარვეზია. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, რომელთა მიმართ რეგულაცია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სუსტია.

"პრობლემა ისაა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ უნდა გასცემდნენ იპოთეკურ სესხებს, ეს მათი კომპეტენცია არ არის. წესით, ისინი ბიზნესის "სტარტ აპ"-ებს უნდა ეხმარებოდნენ. მიკროსაფინანსოების საქმიანობა კანონმდებლობით არის დასარეგულირებელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია სესხის მაქსიმალური ზღვარი 50 000 ლარი დაიწიოს 15 000-20 000-მდე. რის შემდეგაც მათზე დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებენ", - აცხადებს ელიავა.

მისი აზრით, ეროვნული ბანკისა და შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან უნდა გამკაცრდეს კონტროლი, რასაც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.

"საქართველოში საბანკო სფეროს მომხმარებელი დაუცველია. ისინი აბსოლუტურად მინდობილნი არიან ბიზნესზე. სახელმწიფო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ დაიცვას მოსახლეობის ინტერესები, მათ შორის, საფინანსო მომსახურების სფეროში.

მართალია, მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი არსებობს, მაგრამ მას აუცილებლად გაფართოება სჭირდება. შინაარსობრივად იგი იმდენად მწირია, რომ მომსახურების ყველა სფეროს ვერ მოიცავს. თუ არ შეიცვალა მიდგომა და ბანკის კლიენტს არ დაიცავს კანონმდებლობა, შედეგად უსახლკაროთა არმიას მივიღებთ და საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა გაღატაკდება", - აცხადებს ლია ელიავა.

არასაპარლამენტო ოპოზიციამ ბევრჯერ სცადა ამ თემის წამოწევა, ხელისუფლებას კონკრეტული იდეებიც შესთავაზეს, თუმცა გამოხმაურება არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა. ოპოზიციამ კერძო მევახშეების თაღლითური სქემებიც კი წარმოადგინა, რომლებიც სწორედ იპოთეკის მეშვეობით იგდებდნენ ხელში კერძო ქონებას, თანაც მიზერულ ფასად, მაგრამ არც ამ მიმართულებით მოხდა საქმის გამოძიება.

დაზარალებულთა რიცხვი კი კატასტროფულად იზრდება და ისინი უკვე პირადად ბიძინა ივანიშვილისგან ელოდებიან პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკა დატოვა, მოსახლეობას მოლოდინი მაინც აქვს. იპოთეკით დაზარალებულები იმასაც აცხადებენ, რომ ივანიშვილს საკუთარი ბანკი აქვს და სწორედ ამ ბანკმა უნდა გასცეს დაბალპროცენტიანი სესხი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"