გაძვირების ახალი ტალღა ზვირთდება

სამომხმარელო ბაზარზე თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდა. მიზეზი ამჯერადაც ლარის გაუფასურებაა, თუმცა ფასებს ზრდისკენ საერთაშორისო ფაქტორმაც უბიძგა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად მოიმატა ზეთის, შაქრის, თამბაქოს და სხვა პროდუქტის ღირებულებამ, რაც მომხმარებლისთვის აშკარად თვალშისაცემი გახდა.

სექტემბრიდან მოყოლებული 1 ტონა თეთრი შაქრის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 340 დოლარიდან 422 დოლარამდე გაიზარდა. ბოლო 4 თვეში პროდუქტი 20%-ით გაძვირდა.

საქართველოში მკვეთრი გაძვირება, დასახელებული მიზეზების გარდა, საკანონმდებლო ცვლილებითაც არის გამოწვეული. ეს ეხება სპირტიან სასმელსა და თამბაქოს, რომელთა ფასზეც აქციზის გაძვირებამაც მოახდინა გავლენა.

დედაქალაქის სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, რომ თითქმის ყველა პროდუქტი გააძვირეს. მკვეთრად მოიმატა ჰიგიენური საშუალებების ფასმაც. პროდუქტის მორიგ გაძვირებას მოთხოვნის კლებაც მოჰყვა.

სუპერმარკეტ "ბი მარტის" მენეჯერის, ლალი სულხანიშვილის ინფორმაციით, სტაბილურობა ჯერჯერობით ყოველდღიური მოხმარების პროდუქტზე შეინიშნება, ხოლო ძვირიან სეგმენტში გაყიდვა ძალიან შემცირდა.

"ლარის გაუფასურების პარალელურად, ფასს მუდმივად ვცვლით. პროცესი იმდენად სისტემატურია, რომ ზოგიერთი დასახელების სურსათი, იანვრიდან მოყოლებული, რამდენჯერმე გაძვირდა. მკვეთრი ცვლილება განიცადა თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელების, შაქრისა და ზეთის ფასმა. ლარმა გაუფასურება თუ განაგრძო, ფასების გადახედვა უახლოეს დღეებშიც მოგვიწევს.

ცხადია, სუპერმარკეტს ბრუნვა შეუმცირდა, რასაც არსებულ სიტუაციაში ველოდით კიდეც. ეროვნული ვალუტა პოზიციას კარგავს და ყველაზე მტკივნეულად ეს მოსახლეობის შემოსავლებზე აისახება", - ამბობს სულხანიშვილი.

განსაკუთრებით უჭირთ წვრილ მაღაზიებს, რომლებიც მუშაობას ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების გაყიდვის ხარჯზე ახერხებენ.

მაღაზია "არანისის" წარმომადგენელთა ინფორმაციით, ლარის გაუფასურებამ პროდუქტის გაძვირება გარდაუვალი გახადა. "ქიმიურ განყოფილებაში" მუშაობა თითქმის აღარ აქვთ.

"ახალი წლის შემდეგ პერიოდში მომხმარებელი ყოველთვის ელოდება, რომ ფასი გარკვეულ პროდუქტზე დაიწევს. ტრადიციულად ასეა, მაგრამ არსებულ სიტუაციაში საწინააღმდეგო ხდება. იმის გამო, რომ ლარი თითქმის ყოველდღიურად უფასურდება, ფასიც გაიქცა. განსაკუთრებით გაძვირდა თამბაქო და ალკოჰოლური სასმლები, ძვირიან სეგმენტში გაყიდვა კატასტროფულად შეგვიმცირდა.

ლარი ისეთ ნიშნულზეა, რომ ყველა პოდუქტის ფასმა ერთიანად მოიმატა. არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი ახლო მომავალში გაძვირდეს. არის შემთხვევა, როცა ფასის შენარჩუნებას მეტ-ნაკლებად ვახერხებთ. ეს უფრო ადგილობრივი წარმოების სურსათს შეეხება. ჯერჯერობით ასეა, მაგრამ გარკვეულ დონეზე უკვე ისიც გაძვირდება", - ამბობს მაღაზიის წარმომადგენელი.

რატომღაც აბსოლუტურად განსხვავებულია იმპორტიორების მოსაზრება ფასებთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ პროდუქტის გაძვირების რეალური საფუძველი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ არის.

მსხვილი იმპორტიორი კომპანიის "ლუქსი 2004"-ის დამფუძნებელი ი. ბროძელი ამტკიცებს, რომ რუსეთიდან სურსათი შედარებით ნაკლებ ფასადაც კი შემოაქვთ, რადგან ჩრდილოეთში ინფლაციური პროცესებია.

"რამდენიმე დღის წინათ ჩვენ დავაანონსეთ ზეთის გაძვირება, მაგრამ ასე არ მოხდა. რუსეთში ინფლაციის გამო პროდუქტის შესასყიდი ფასი შეგვიმცირდა კიდეც. რუბლში ღირებულება იგივე დარჩა და ჩვენც შედარებით ნაკლებ ფასში გვიწევს ყიდვა. ეს ეხება მარცვლეულსაც. ბრინჯი არ გაძვირებულა, ხოლო წიწიბურას ფასი ცოტათი შემცირდა. ერთადერთი გამონაკლისი ამ ეტაპზე შაქარია, რომლის ფასი უცხოურ ბაზრებზეც თვალდათვალ მატულობს. მოსავლის დეფიციტი აშკარაა და ეს ფასზე სამომავლოდაც მოახდენს გავლენას", - აცხადებს ბროძელი.

იმპორტიორი დასძენს, რომ ჰიპერმარკეტების ქსელებში პროდუქტის გაძვირება არ შეუმჩნევია. ამის მაგალითად მას მოჰყავს "კარფური", თუმცა, რის ფასად ახერხებს ჰიპერმარკეტი ფასების შენარჩუნებას, ყველასთვის ცხადია.

ბიზნესმენებისგან განსხვავებით პროდუქტის გაძვირება შეუმჩნეველი არ რჩება მომხმარებელს, რომელიც მინიმალურ სხვაობაზეც მტკივნეულად რეაგირებს.

"ყოველდღე, როცა მაღზიაში პურის საყიდლად შევდივარ, დახლებზე სხვა სურსათის ფასსაც ვაკვირდები. უიმედობის განცდა მეუფლება. უკვე მერამდენე თვეა, ვყიდულობ მხოლოდ პურს, შაქარს, მარილს, ყველაზე იაფ ბარდას და კარტოფილს. სხვა თითქმის არაფერს ვეკარები. ამ დროს სახლში 2 პატარაა, რომლებსაც ტკბილეული სანატრელი აქვთ, ვერ იღებენ რძის ნაწარმს, ხოლო ხორცს მხოლოდ დღესასწაულებზე მიირთმევენ. სოციალურად დაუცველი რომ ვიყო, ალბათ, ჩემი მდგომარეობა ცოტა უკეთესი იქნებოდა. ახლა ვერც გამოსავალს ვხედავ", - ამბობს ირმა დეისაძე, თბილისელი დიასახლისი.

"სტაბილურობის განცდა დავკარგე. ხუთსულიანი ოჯახის მთელი შემოსავალი 600 ლარია და არ ვიცი, მთელ თვეზე როგორ გადავანაწილო თანხა. ნორმალურად ვერც ბავშვებს მოვახმარე და ვერც უფროსებს, შიმშილობის ზღვარზე ვართ. ოჯახი მხოლოდ კვება ხომ არ არის, უამრავი საჭიროება და ვალდებულებაა, რომელსაც ყოველდღიურად გავურბივარ. ეს არის უნიათო მთავრობა, რომელმაც გააუფასურა ლარი, გაგვიძვირა გადასახადები და საკუთარი მოსახლეობა გასაწირად გაიმეტა. ფასების შემხედვარემ სიმშვიდე და მოსვენება დავკარგე", - ამბობს ლუნა სომხიშვილი, რომლის ოჯახიც თანდათან ღარიბდება.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"