პოროშენკოს რეზიდენციის რეკონსტრუქცია უკრაინას 200 მილიონი დაუჯდება

კიევში მდებარე მარიას სასახლის, იგივე „მარიინსკის“ რეკონსტრუქცია უკრაინის ბიუჯეტს 200 მილიონი გრივნა დაუჯდება, რაც დაახლოებით 8 მილიონ დოლარს შეადგენს.აღნიშნული სასახლე უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციას წარმოადგენს. მისი რესტავრაციისთვის 2015 წლის ზაფხულში მთავრობამ 100 მილიონი გრივნა გამოყო. აღნიშნული თანხა ფასადისა და სახურავის კონსტრუქციისთვის დაიხარჯა. 2016 წლის მარტში კი რესტავრატორებს დამატებით 100 მილიონ გრივნას გამოუყოფენ ინტერიერის დეკორაციისა და კეთილმოწყობისთვის.

„მარიინსკის“ სასახლე 1744 წელს დედოფალ ელიზაბედის ბრძანებით ააშენეს, პროექტის ავტორმა სასახლე ბაროკოს სტილში გადაწყვიტა. მშენებლობა 1752 წელს დასრულდა. მე-19 სუკუნის დასაწყისში სასახლე დაიწვა, 1870 წელს კი იმპერატორ ალექსანდრე მეორეს ბრძანებით, მისი რეკონსტრუქცია ძველი პროექტის მიხედვით მოხდა. მას შემდეგ სასახლეს მეფის მეუღლის, მარიას პატივსაცემად „მარიინსკი“ ეწოდა.