"საქართველოს რკინიგზა" მოქალაქეებს მიმართავს, რკინიგზა მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებზე გადაკვეთონ

"საქართველოს რკინიგზა" მოქალაქეებს მიმართავს, რკინიგზა მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ და მოწყობილ ადგილებზე გადაკვეთონ, რათა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნან.

როგორც "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რკინიგზის სადგურები, სამგზავრო ბაქნები, სარკინიგზო გადასასვლელები, ლიანდაგები, ასევე მატარებლის მოძრაობასთან დაკავშირებული სხვა დაწესებულებები (ტერიტორიები) მომატებული საფრთხის ობიექტებს წარმოადგენენ.

"ს/ს ,,საქართველოს რკინიგზა" მოგმართავთ თხოვნით, რკინიგზა მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ და მოწყობილ ადგილებზე გადაკვეთოთ, რათა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნათ. რკინიგზის ხაზის უსაფრთხოდ გადაკვეთა მოქალაქეებს ფეხით სავალი ხიდების, გვირაბების, გადასასვლელებისა და სპეციალურად მოწყობილი ფენილების მეშვეობით შეუძლიათ.

რკინიგზის ლიანდაგებზე გავლა, იქ, სადაც არ არის ნებადართული, სპეციალური ადგილები, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომელსაც შესაბამისი სანქციები მოყვება.

პირველ ეტაპზე მოხდება მოქალაქის გაფრთხილება, ხოლო შემდგომ დაჯარიმება, შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე. რკინიგზის სადგურებზე, სადაც არ არის ხიდი, ან გვირაბი, ქვეითმა ლიანდაგი ფენილზე უნდა გადაკვეთოს იმ ადგილზე, რომელსაც აქვს მინიშნება ,,გადასასვლელი". ფენილზე გადასვლამდე მოქალაქე უნდა დარწმუნდეს, რომ ლიანდაგზე არ მოძრაობს მატარებელი, ლოკომოტივი ან ვაგონი. მოძრავი შემადგენლობის მოახლოებისას მოქალაქემ უნდა გაატაროს ის, დარწმუნდეს იმაში, რომ მეორე ლიანდაგზეც არ არის მატარებლის მოძრაობა და მხოლოდ ამის მერე გადაკვეთოს ფენილი. რკინიგზის გადასარბენთან გადასვლისას, მოქალაქემ ყურადღება უნდა მიაქციოს შუქნიშანს, ხმოვან სიგნალსა და შლაგბაუმის მდგომარეობას.

გზის გადაკვეთა მხოლოდ ღია შლაგბაუმის დროს არის დაშვებული. ხოლო, თუ გადასარბენზე არ არის შლაგბაუმი, მოქალაქე გადასვლამდე უნდა დარწმუნდეს, რომ გადასარბენს არ უახლოვდება მოძრავი შემადგენლობა და მხოლოდ ამის მერე გადაკვეთოს გზა. კატეგორიულად აკრძალულია, დაკეტილი შლაგბაუმის დროს გადასვლა, სადგურებსა და გადასარბენებზე გაჩერებული ვაგონების ქვეშ გაძრომა. ასევე აკრძალულია, ლიანდაგის გასაწვრივ სიარული 5 მეტრზე ნაკლებ მანძილზე.

დაუშვებელია, რკინიგზის ხიდებსა და გვირაბებში გასვლა, თუ კი იქ არ არის ქვეითებისათვის მოწყობილი სპეციალური ბილიკი. კატეგორიულად აკრძალულია, რკინიგზის ხაზის გადაკვეთა იქ, სადაც არ არის შესაბამისი ნიშანი.

,,საქართველოს რკინიგზა" მოგიწოდებთ, გადაკვეთოთ ლიანდაგები მხოლოდ სპეციალურ გადასასვლელებზე, შესაბამისი წესების დაცვით! და გაუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს", - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.