ქვეყანაში პურის და დენის გაძვირების საფრთხეა

მედიკამენტები ისევ გაძვირდა, ამჯერად რიგში დენის ტარიფი და პურია.

წისქვილკომბინატებში აღნიშნავენ, რომ ისინი არსებულ ფასს ძველი მარაგის ხარჯზე ინარჩუნებენ. ახლო მომავალში ან ფქვილი უნდა გააძვირონ ან წარმოება გააჩერონ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სხვათა შორის, 3 მსხვილი წისქვილკომბინატი უკვე გაჩერდა და რამდენიმე ათეული ადამიანი უმუშევარი დარჩა. ამ ყველაფრის ფონზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოლიმპიური სიმშვიდით ამბობს, რომ ლარის გაუფასურებაში საგანგაშო არაფერია.

ფარმაცევტები "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებენ, რომ ლარის გაუფასურების პარალელურად მედიკამენტები თითქმის ყოველ კვირა ძვირდება. ბოლო დროს განსაკუთრებით ვირუსების საწინააღმდეგო პრეპარატების ფასმა მოიმატა.

"დღეს რამდენიმე სახეობის მედიკამენტზე ფასი უკვე შეცვლილი დაგვხვდა. მაგალითად, 3 დღის წინათ "ტერაფლუ" 1,2 ლარი ღირდა, ახლა 1,3 ლარია. გაძვირდა "ბიოფაგიც", უმეტესად გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტები. ზოგადად, წამლები ყოველ კვირა ძვირდება, ასევე გაზრდილია ფასები ჰიგიენასა და ბავშვის საკვებზე. ამიტომაც, გაჩნდა ტენდენცია, რომ მომხმარებელი, ძირითადად, იაფ წამალს ყიდულობს და წარმომავლობას დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებს. მაგალითად, გვეკითხებიან, სურდოს საწინააღმდეგო ყველაზე იაფი რაც გაქვთ, ის მოგვეციო", - ამბობს ფარმაცევტი ანა ტეფნაძე.

კიდევ ერთი ფარმაცევტის, მანანა ღვინიაშვილის თქმით, მედიკამენტების ფასები კურსის თითქმის ყველა ცვლილებაზე იმატებს.

"შეიძლება ისეთი მკვეთრი ზრდა არ არის, როგორც გაუფასურების მასშტაბებია, მაგრამ თითქმის ყველა წამალი გაძვირებულია. ორშაბათს ცვლა რომ გადმოვიბარე, რამდენიმე სახეობის წამლაზე ფასი ისევ მომატებული დამხვდა", - აბმობს მანანა ღვინიაშვილი.

ჯერჯერობით, ფასების კორექტირებაზე არ მსჯელობენ ენერგოობიექტებში, მაგრამ აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში, ტარიფის გაზრდის საკითხი ისევ დადგება. მით უფრო, რომ ახლა ზამთრის პერიოდია და ქვეყანა საკმარისად არის დამოკიდებული თბოსადგურებსა და დენის იმპორტზე.

ახალი წლიდან თბოსადგურების ტარიფში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,4 ლარის ნიშნულზე განისაზღვრა. "მტკვარი ენერგეტიკას" დირექტორი დევი კანდელაკის განცხადებით, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა თუ კურსი არ დასტაბილურდა, ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა ზრდის მიმართულებით ისევ მოსალოდნელია. "ახლო მომავალში ცვლილებები არ იქნება", - ამბობს კანდელაკი. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, ზაფხულში დენის ტარიფი, საშუალოდ, 4 თეთრით გაძვირდა.

გაცილებით რთული მდგომარეობაა ფქვილისა და ხორბლის ბაზარზე. ამჯერად, წისქვილკომბინატებში 1 ტომარა ფქვილი 41 ლარი ღირს. მეხორბლეთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ არსებული ფასი ძველი მარაგის ხარჯზეა შენარჩუნებული. თუ ლარის კურსი არ დასტაბილურდა, მაშინ ფქვილის გაძვირება გარდაუვალი იქნება. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება პურპროდუქტების გაძვირების საკითხიც.

"ჯერჯერობით ძველი მარაგი გვაქვს. დღესდღეობით 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 41 ლარი ღირს. ეს პურის დადგენილ ფასზე არ უნდა აისახოს. ვაკვირდებით დოლართან ლარის კურსის ცვლილებას. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, ბუნებრივია, ეს პურის ფასზეც აისახება", - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

მისი განცხადებით, წისქვილკომბინატები გაცილებით რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, რუსეთიდან და ყაზახეთიდან ფქვილი დემპინგური ფასით შემოდის, რომელთანაც ქართველ მეწარმეებს კონკურენცია უჭირთ. მთავრობა კი ჯერ კიდევ შარშან დაპირებული კანონის მიღებას - ანტიდემპინგური ფასების შესახებ ისევ აგვიანებს. საქართველოს ბაზარი კი, შესაძლოა, იაფფასიანმა იმპორტმა წალეკოს, რაც ადგილობრივ წარმოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და იმპორტს კი უფრო ფართოდ უღებს კარს.

სილაგავას განცხადებით, საქართველოში ხორბალი, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის. ამ ქვეყანაში დაწესებულია წინასაიმპორტო გადასახადი, რომელიც რუბლის დოლართან ცვლილებებზეა მიბმული; ანუ რუსული ვალუტის გაუფასურება იმპორტიორებისთვის ხორბლის გადასახადის გაზრდას იწვევს. ასეთი გადასახადისგან გათავისუფლებულია ფქვილის იმპორტი, შესაბამისად, რუს მეწარმეებს ურჩევნიათ ფქვილი აწარმოონ და მისი ექსპორტი დაბალ ფასად განახორციელონ.

"რუსული კომპანიები, რომლებიც ხორბლისგან ფქვილს აწარმოებენ, გადასახადს არ იხდიან, შესაბამისად, საქართველოში რუსული ფქვილი დაბალ ფასად შემოდის, რომელიც ადგილობრივ წისქვილკომბინატებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის", - ამბობს ლევან სილაგავა.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე მხსვილი წისქვილკომბინატი - ავჭალის წისქვილკომბინატი, "თბილისი" და "იბერია" (ყოფილი "მზეკაბანი") დაიხურა. არ არის გამორიცხული, რომ მათი ბედი სხვებმაც გაიზიარონ.

"იმპორტირებულ ფქვილთან კონკურენცია გართულდა. ამდენი ხანია ველოდებით კანონს, რომელსაც საშველი არ დაადგა. საუბარია ანტიდემპინგურ კანონზე. ევროკაშვირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ადგილობრივი ბაზრის დაცვას გვავალდებულებს. შესაბამისად, უნდა ამოქმედდეს ანტიდემპინგური კანონი. გარდა ამისა, მეორე კანონსაც ველოდებით, რომელიც რამდენიმე წელია პროექტის სახით არის - "ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების შესახებ". მოკლედ, ვართ მოლოდინის რეჟიმში და ამასობაში ადგილობრივი მეწარმეები, მათ შორის წისქვილკომბინატები, დაუცველები არიან", - ამბობს სილაგავა.

მოსახლეობასა და ბიზნესში უფრო მეტად ნეგატიური პროცესების განვითარების შიშს ეროვნული ბანკისა და მთავრობის პასიურობა აჩენს. რამდენიმე დღეში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 9 თეთრით გაუფასურდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი მხოლოდ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ თურმე ქვეყანაში არაფერი საგანგაშო არ ხდება. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები საზოგადოების წინაშე განმარტების ვალდებულებას საერთოდაც ვერ გრძნობენ. ამასობაში კი საზოგადოებაში სოციალური მღელვარება მწიფდება.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"