საწვავის ფასი შემცირებას განაგრძობს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის შეფასებით, წლის დასაწყისიდან დღემდე ლონდონში "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 5,42 დოლარით ანუ 14,5%-ით,

ხოლო ნიუ-იორკის ბირჟაზე light sweet-ის ნავთობის ფასი ბარელზე 4,90 დოლარით, 13,2%-ით არის შემცირებული.

ნავთობის ფასის პარალელურად მცირდება ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt’s-ის მიხედვით, რაზეც დამოკიდებულია საწვავის ფასი საქართველოში. წლის დასაწყისიდან დღემდე საერთაშორისო ფასები ბენზინზე Platt’s-ის მიხედვით შემცირებულია 24 დოლარით/ტონაზე ანუ 5,6%-ით, ხოლო დიზელის ფასი - 40,75 დოლარით/ტონაზე ანუ 12,9%-ით.

Platt’s-ის მიხედვით საერთაშორისო ფასების შემცირების პარალელურად საქართველოში წლის დასაწყისიდან დღემდე რამდენჯერმე მოხდა საწვავის ფასის შემცირება, მათ შორის ბოლო 2-3 დღეში. ყველაზე მოხმარებადი რეგულარი ტიპის ბენზინის საწვავის ფასი შემცირებულია საშუალოდ 9-15 თეთრით ლიტრზე, ხოლო ევრო დიზელის ფასი - საშუალოდ 8-18 თეთრით.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის შეფასებით, საერთაშორისო ფასების შემცირების პარალელურად საწვავზე ფასების კლება ადგილობრივ ბაზარზე მომავალშიც გაგრძელდება.