"კორუფციის აღქმის ინდექსში" საქართველო 48-ე პოზიციაზეა

კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოში 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, ვითარება არ შეცვლილა. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნულია. კორუფციის აღქმის კუთხით ორგანიზაციამ სულ 168 ქვეყანა შეისწავლა. მათ შორის საქართველო 48-ე პოზიციაზეა და როგორც 2014 წელს, 2015-შიც 52 ქულა მიენიჭა.

კორუფციის აღქმის ინდექსი საჯარო სექტორში კორუფციის აღქმის დონეს განსაზღვრავს. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე კარგი ვითარება დანიაში (91 ქულა) იყო. ყველაზე ცუდი კი, სომალიში (8 ქულა). რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთში 2015 წელს წინა წელთან შედარებით ვითარება გაუარესდა.  წელს თურქეთი 66-ე პოზიციაზე გავიდა 42 ქულით, ხოლო რუსეთი 119-ე პოზიციას იკავებს 29 ქულით, იგივე შედეგები აქვს აზერბაიჯანსაც. სომხეთში კი ამ მხრივ შედარებით უკეთესი ვითარებაა. ინდექსში 35 ქულით სომხეთი 95-ე ადგილს იკავებს.

საერთო ჯამში როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშშია აღნიშნული, კორუფცია მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში კვლავ მწვავე პრობლემაა. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ მხრივ ვითარება განსაკუთრებით ლიბიაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ესპანეთსა და თურქეთში გაუარესდა. ხოლო მნიშვნელოვანი პროგრესი იყო საბერძნეთში, სენეგალსა და დიდ ბრიტანეთში. აღსანიშნავია, რომ ქულების იგივე რაოდენობით, გასულ წელს საქართველო რეიტინგში 50-ე ადგილს იკავებდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე