ირლანდიელი ფოტოგრაფის კარტოფილის ფოტო 1 მილიონ ევროდ გაიყიდა

ცნობილმა ირლანდიელმა ფოტოგრაფმა, კევინ ებოშმა კარტოფილის ფოტო 1 მილიონ ევროდ გაყიდა.

46 წლის ფოტოგრაფმა კარტოფილი შავ ფონზე 2010 წელს გადაიღო. ფოტო ევროპელმა ბიზნესმენმა შეიძინა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნამუშევარს პირდაპირ ჩემი კედლიდან ყიდულობენ. ღვინოს ვსვამდით, როცა მითხრა, რომ ფოტო მოსწონდა, კიდევ ორი ჭიქის შემდეგ კი აღნიშნა, რომ მას ნამდვილად სურდა ამ ფოტოს ყიდვა. ფასზე ორი კვირის შემდეგ შევთანხმდით. ეს ჩემი პირველი ნამუშევარია, რომელიც ასე ძვირად გაიყიდა“, - აღნიშნა კევინ ებოშმა.  

ირლანდიელი ფოტოგრაფი კევინ ებოში ცნობილია შავ ფონზე გადაღებული პორტრეტებით. მის პორტფოლიოში სტივენ სპილბერგის, ჯონი დეპის, მალალა იუსუფზაის, დასტინ ჰოფმანის, იოკო ონოსა და სხვა ცნობილი ადამიანების პორტრეტებია.