აღსრულების ეროვნული ბიურო 2015 წლის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს

იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მორიგებით დასრულებული საქმეების სტატისტიკას აქვეყნებს. ბიუროს ინფორმაციით, მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 2015 წლის განმავლობაში 10 195 ერთეული შემთხვევა შეადგინა. საანგარიშო პერიოდში მორიგებით დასრულდა 221 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა. ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 303 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია.

2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 7 914 მოქალაქეს. საანგარიშო პერიოდში ბიუროს წარმოებაში არსებული ალიმენტის საქმეებიდან დარეგულირდა 3 816 საქმე. აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მხარეებს შორის არსებული დავა მორიგებით დასრულდეს.