"საქსტატი" - მშპ-ს წლიურმა რეალურმა ზრდამ 2015 წელს წინასწარი შეფასებით, 2,8 პროცენტი შეადგინა

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0,3 %, ხოლო 2015 წლის IV კვარტალში 2,9 % შეადგინა. როგორც "საქსტატში" აცხადებენ, მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა რეალურმა ზრდამ 2015 წელს წინასწარი შეფასებით, 2,8 პროცენტი შეადგინა.

"2012 წლის იანვრიდან "საქსტატი" ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს", - განმარტავენ "საქსტატში".

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე