შვეიცარიის მთავრობამ ქვეყნის ყველა მოქალაქე შესაძლოა, 2 500 ფრანკით უზრუნველყოს

შვეიცარიაში ივნისში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდება, რომლის მონაწილეებმაც უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ყოველთვიურად სახელმწიფოსგან 2 500 შვეიცარული ფრანკის (დაახლოებით 2 250 ევრო) მიღება.

ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ცნობით, მოქალაქე სახელმწიფოსგან დახმარებას იმ შემთხვევაშიც მიიღებს, თუ დასაქმებულია. არასრულწლოვნების დახმარება კი 625 ფრანკით (დაახლოებით 560 ევრო) განისაზღვრება.

ინიციატივის ავტორთა განცხადებით, ამით აღმოიფხვრება კავშირი მოქალაქის შემოსავალსა და დასაქმებას შორის, რადგან ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს გარანტირებული შემოსავალი ექნება. ამასთან ერთად, შვეიცარიაში გამართულმა სოციალურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა კვლავ აპირებს გააგრძელოს მუშაობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. გამოკითხულთა მხოლოდ 2%-მა უპასუხა, რომ თანხის მიღების შემდეგ მუშაობას თავს დაანებებს.

კანონის მიღების შემთხვევაში, შვეიცარია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს მუდმივი ყოველთვიური შემოსავლით უზრუნველყოფს. ამისთვის შვეიცარიას ყოველწლიურად 200 მილიარდი ფრანკი დასჭირდება. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, თანხის ნაწილს - 150 მილიარდ ფრანკს საგადასახადო შემოსავლებიდან აიღებენ, 55 მილიარდი ფრანკი კი სოციალური დაზღვევიდან გამოიყოფა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე