საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ანაზღაურება 5-დან 20%-მდე გაეზარდათ

საბავშვო ბაღების თანამშრომლებს დღეიდან ანაზღაურება 5-დან 20%-მდე გაეზრდებათ. ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. ლექვინაძის თქმით, 5-დან 20%-მდე გაზრდილ ხელფასს თბილისის საბავშვო ბაღებში სხვადასხვა თანამდებობაზე მომუშავე პირები მიიღებენ. სულ ხელფასის მომატება 6585 თანამშრომელს შეეხება. ამ მიზნით კი თბილისის მერიის წლევანდელი ბიუჯეტიდან 3,642 მლნ ლარია გამოყოფილი.

"თბილისის მერის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება საბავშვო ბაღებში თანამშრომლებისათვის ხელფასების გაზრდა იყო. დღეს ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. ასევე საბავშვო ბაღების 17 დირექტორს ხელფასები სხვა დირექტორების მსგავსად ექნებათ და მათ ხელფასებს გაუთანაბრდება", - განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, საბავშვო ბაღებში თბილისის მერიის შპს-ებისა და აიპი-სგან განსხვავებით, დაბალი ხელფასები იყო და საბავშვო ბაღების თანამშრომლების ხელფასების ზრდა სწორედ ამით არის განპირობებული.

ბრიფინგში ასევე მონაწილეობდა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა. მან დაასახელა საბავშვო ბაღების თანამშრომლების ის პოზიციები, რომლებიც გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორს ხელფასი გაეზრდება 5 პროცენტით, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორს - 10 პროცენტით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის უზრუნველყოფის კოორდინატორს - 15 პროცენტით, აღმზრდელს - 10 პროცენტით, აღმზრდელის თანაშემწეს (ძიძა) - 10 პროცენტით, მუსიკისა და ცეკვის პედაგოგებს - 7-7 პროცენტით, მზარეულს - 20 პროცენტით, მზარეულის დამხმარეს - 20 პროცენტით, დამლაგებელს - 20 პროცენტით, მრეცხავს - 20 პროცენტით, საქმის მწარმოებელს- 15 პროცენტით, ფსიქოლოგს - 15 პროცენტით, ლოგოპედს - 10 პროცენტით.

თორდინავამ საუბრისას დასძინა, რომ 17 დირექტორს განსხვავებული ხელფასი ჰქონდათ და ისინი გაუთანაბრდება სხვა დირექტორების ხელფასს. კერძოდ, 17 დირექტორის ხელფასი 800 ლარს შეადგენდა, დარიცხვის გარეშე და ამჟამად ექნებათ უკვე 1000 ლარი. მთლიანობაში მომატებული ხელფასებით საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლების საშუალო ხელფასი 300 ლარი იქნება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე