იანვარში საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების ზრდა ფიქსირდება

2016 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობაში კვლავ ზრდა ფიქსირდება , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. მისი თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს 323 159 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 4.4%-ით მეტია. რაც შეეხება იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვს, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მათი რაოდენობა 4.3%-ით, ანუ 116 369 ვიზიტით არის გაზრდილი წინა წლის იანვართან შედარებით.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, 2016 წლის იანვარში საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ეწვია. მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებიდან დაფიქსირდა 11%-იანი ზრდა. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნებიდან განსაკუთრებული ზრდის ტემპით გამოირჩეოდნენ საფრანგეთი + 29%, იტალია + 26%, დიდი ბრიტანეთი +16%, პოლონეთი +15% და გერმანია +14%. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სხვა ქვეყნებიდან განსაკუთრებული ზრდის ტემპით გამოირჩეოდნენ არაბთა გაერთიანებული საემიროები, ფილიპინები, ინდოეთი და საუდის არაბეთი.

"აღსანიშნავია, რომ 2015 წელი წარმატებულად დასრულდა. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელთა რაოდენობამ 5 900 000-ს მიაღწია, რაც 7%-იან ზრდას გულისხმობს. 2016 წლის პირველი თვეც იმის მაჩვენებელია, რომ ტურისტების რაოდენობა დინამიურად იზრდება", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, ზამთრის სეზონი საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს. ზამთრის კურორტები ტურისტების მისაღებად მზად არიან და ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ძალიან აქტიურად ჩატარებულმა მარკეტინგულმა კამპანიებმა შედეგი გამოიღო. "საქართველოში შემომავალი თითოეული ტურისტი კი არის დამატებითი შემოსავალი ჩვენი მოსახლეობისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის. სწორედ ამიტომ, ტურიზმის განვითარება ჩვენი მთავრობისთვის, როგორც ეს არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე