სტიქიის შედეგად დაზიანებული 27 ავტომობილის მფლობელისთვის 74 ათას დოლარზე მეტი თანხა გამოიყოფა

13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელი 27 ფიზიკური პირისთვის 74 ათას დოლარზე მეტ ფულადი ანაზღაურება გამოიყოფა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებთან ფულადი დახმარების გაცემის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ხელშეკრულება 27 ფიზიკურ პირთან გაფორმდება, რომლებსაც ფულადი დახმარების სახით, ჯამში 74 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ჩაერიცხებათ.

"13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს განადგურებული, ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საფასური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №33-128 დადგენილების შესაბამისად აუნაზღაურდება. სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც ფულადი დახმარება გაიცემა, იყოფა ორ კატეგორიად: I კატეგორიაში შედის სტიქიის შედეგად განადგურებული ავტომობილები, რომლებიც შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით არ ექვემდებარება აღდგენას. II კატეგორიაში კი შედის სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით აღდგენას ექვემდებარება", - აცხადებენ მერიაში.

მათივე თქმით, ზარალს საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" აფასებს.

"წესის შესაბამისად, I კატეგორიას მიეკუთვნება ის დაზარალებული პირები, რომლებმაც სტიქიის დროს დაკარგეს სატრანსპორტო საშუალებები, (და გაცემულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ცნობა.) ამასთან, სატრანსპორტო საშუალების II კატეგორიას მიეკუთვნება სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკვე აღდგენილია დაზარალებული პირის მიერ. I კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლის საშუალო საბაზრო ღირებულება ნაკლებია 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების სრული ოდენობით; I კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლის საშუალო საბაზრო ღირებულება 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარის ტოლია ან მეტია – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 70%-ის ოდენობით. II კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 25%-ის ოდენობით", - განმარტავენ მერიაში.

მათივე თქმით, სააგენტო ფულად დახმარებას არ გაუწევს იმ პირებს, რომლებსაც დაზღვეული ჰყავდათ ავტომობილი. ასევე, იმ პირებს, რომლებსაც კერძო სექტორის მხრიდან გადაეცათ ავტომობილები, ან მიიღეს ფულადი დახმარება. იმ ფიზიკურმა პირებმა, რომლებსაც 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაუზიანდათ ავტომობილები და არ ირიცხებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართონ.