აღსრულების ეროვნული ბიურო ახალ საინფორმაციო ბარათს აქვეყნებს

"აღსრულების ეროვნული ბიურო" მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მორიგ საინფორმაციო ბარათს აქვეყნებს. ამის შესახებ "აღსრულების ეროვნულ ბიუროში" აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, ახალი ბარათის თემა გირავნობის მოწმობის აღსრულების წესია. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობის უფლებით შესაძლებელია დაიტვირთოს ავტოსატრანსპორტო საშუალება. მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევისას გირავნობის მოწმობის გაცემაზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, გირავნობის უფლება შსს-ს მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდეს.

"გირავნობის მოწმობა არის დოკუმენტი, რომლის აღსასრულებლად წარდგენა შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ამ დოკუმენტის გაცემა ხდება შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ. გირავნობის მოწმობის აღსასრულებლად მხარემ უნდა წარადგინოს: გირავნობის მოწმობა; კომპეტენტური ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ქონების შეფასების დასკვნა; პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გირავნობის მოწმობის აღსრულება შესაძლებელია მოითხოვოს, ასევე, კრედიტორის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა. ასეთ შემთხვევაში, ჩამოთვლილ დოკუმენტაციას ემატება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი", - აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

ბიუროს ინფორმაციით, გირავნობის მოწმობის აღსრულების საფასური შეადგენს ქონების შეფასების 1%-ს, არანაკლებ 100 ლარისა, რომელსაც კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იხდის.