ნიადაგის ნაყოფიერი ფენის ექსპორტზე შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს

ნიადაგის ნაყოფიერი ფენის ექსპორტზე, შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს. ამასთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელება "ნიადაგის დაცვის შესახებ" კანონში იგეგმება, რომლის წარდგენასაც მთავრობა პარლამენტისთვის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში აპირებს.

მთავრობის ადმინისტრაციამ პარლამენტს იმ საკანონმდებლო ინიციატივების ჩამონათვალი გაუგზავნა, რომელთა ინიცირებაც საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, მათ შორის არის "ნიადაგის დაცვის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მასთან დაკავშირებული სხვა კანონპროექტები.

პროექტი პარლამენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ავტორობით წარედგინება.

როგორც პარლამენტში შეტანილ დოკუმენტშია აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის რეკულტივაციის მიზნით გადაცემასთან და ნიადაგის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს არ არეგულირებს. მთავრობის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ნიადაგის ნაყოფიერი ფენა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და რთულად აღდგენადი ბუნებრივი რესურსია, დაუშვებელია მისი დიდი ოდენობით ქვეყნიდან გატანა, რათა დეგრადირებული ფართობების გაზრდა არ მოხდეს.

"შესაბამისად, საჭიროა ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვების დაწესება. დასარეგულირებელია უკანონოდ მოხსნილი ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შემდგომი განკარგვის საკითხი, ასევე დაზუსტებას საჭიროებს "ნიადაგის" ცნების განმარტება. კანონპროექტის მიზანია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად მოხსნილი და დასაწყობებული ნიადაგის ნაყოფიერი ფენა გამოყენებულ იქნას სხვა ტერიტორიის რეკულტივაციისათვის გამოყენების არეალების გათვალისწინებით. ამასთან, კანონპროექტით იზღუდება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის ექსპორტი, გარდა ნიადაგის საანალიზოდ აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის მიზნისა", - ნათქვამია მთავრობის მიერ პარლამენტში შეტანილ დოკუმენტში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე