ესთეტიკური და კოსმეტიკური სალონები შესაძლოა, სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებაროს

ესთეტიკური და კოსმეტიკური სალონები შესაძლოა, სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებაროს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტისთვის საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენას მთავრობა გეგმავს. საუბარია "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხორციელებაზე. შესაბამისი პროექტი იმ პროექტთა ნუსხაშია ასახული, რომლის წარდგენას მთავრობა პარლამენტისთვის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში აპირებს.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ყველა პირი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან, ვალდებული იქნება გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, დაიცვას პრევენციისა და კონტროლის ტექნიკური რეგლამენტის ნორმები.

აღნიშნული ვალდებულების შესრულების ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ორგანოების პასუხისმგებლობა იქნება.

"ისეთი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების, როგორიცაა ადამიანის კანის საფარველზე ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების მწარმოებელი დაწესებულებები (სილამაზის, მანიკურის/პედიკურის, ტატუს, პირსინგის და ასე შემდეგ სალონები) და მათ მიერ სერვისების მიწოდება, გადამდები დაავადებების პოტენციური გავრცელების მაღალი რისკის გამო, ინფექციების კონტროლის მთელი რიგი სპეციფიური წესების დაცვას მოითხოვს. ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცერდურების შესრულებისას, ჰიგიენური პრაქტიკისა და უსაფრთხიების წესების უგულებელყოფა შეიძლება გახდეს აივ-ინფექციის, B და C ჰეპატიტების და მთელი რიგი სხვა გადამდები დაავადებების გავრცელების მიზეზი", - ნათქვამია მთავრობის მიერ პარლამენტში შეტანილ დოკუმენტში.

პროექტის გარდამავალი დებულებებით, პირებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან, ორთვიანი ვადა ეძლევათ, რათა კანონის ამოქმედების შემდეგ, უზრუნველყონ საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან იქნება დაკავშირებული.

პროექტზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე