თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დღის რეისების შეცვლილ გრაფიკს აქვეყნებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 1-ელი მარტიდან დაიწყება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს.

"ტავ ჯორჯიასა" და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული განახლებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას მოიცავს. სწორედ ამიტომ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამუშაოები 2016 წლის მარტიდან დაიწყება, რაც თავის მხრივ გულისხმობს, ასაფრენ - დასაფრენი ზოლის დღის გარკვეულ პერიოდში, მხოლოდ რამდენიმე საათით, სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის დაკეტვას (1 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით 09:30 – 15:00; ხოლო 27 მარტიდან 1 ივლისამდე 10:00 – 20:00)", - აცხადებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

მათივე განმარტებით, ყველა ის რეისი, რომელიც ამ პერიოდში იყო დაგეგმილი, არ გაუქმდება, არამედ, ფრენები განხორციელდება დროებით შეცვლილი გრაფიკის მიხედვით.

"აღნიშნულ პროექტზე მუშაობა თითქმის ორი წელია მიმდინარეობს და წინასწარ დამუშავებული და გაწერილია ყველა სამუშაო პროცედურა თუ დეტალი. გრაფიკი მაქსიმალურად ითვალისწინებს თითოეული ავიაკომპანიის ინტერესს. ხოლო ყველა ის რეისი, რომელიც ამ პერიოდში იყო დაგეგმილი, არ გაუქმდება, არამედ, ფრენები განხორციელდება დროებით შეცვლილი გრაფიკის მიხედვით. ასაფრენ -დასაფრენ ზოლზე ჩასატარებელი სამუშაოების თითოეული ეტაპის დაგეგმვა ხორციელდება ფრენების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს როგორც აეროპორტისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, ავიაკომპანიებისთვის. დაგეგმილი სამუშაოების განხორციელების შედეგად კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეექმნებათ როგორც ავიაკომპანიებს, ასევე მგზავრებს, რამდენადაც ისარგებლებენ აეროპორტის განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით", - განმარტავენ აეროპორტში.

თბილისის საერთაშორისო აეროპოტრი ხაზს უსვამს იმასაც, რომ განსახორციელებელი პროექტის თითოეული დეტალი, დამპროექტებელი და სამუშაოების შემსრულებელი კომპანია, შეთანხმებულია სახელმწიფოსთან.

"ასაფრენ ბილიკის რეაბილიტაციის პროექტის, დაგეგმარება და უსაფრთხოების ნორმები შესრულებულია ფრანგული კომპანია "ადპი" - ის მიერ და შეთანხმებულია ასევე საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია "IATA" -სთან.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ემსახურება, რომლის რეაბილიტაციაც შეუძლებელია გარკვეული შეზღუდვების გარეშე. მსგავსი პრაქტიკა წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს ყველა იმ აეროპორტში, სადაც მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ფუნქციონირებს", - აღნიშნავენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.