ადგილები, რომელთა მონახულება ტურისტებს სასტიკად ეკრძალებათ

დედამიწაზე არსებობს ადგილები, რომლებიც თავგადასავლების მოყვარული მოგზაურებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია, რადგან... იქ შესვლა აკრძალულია.სტატიაში წარმოგიდგენთ ადგილებს, რომელთა მონახულება ტურისტებს სასტიკად ეკრძალებათ (დაათვალიერეთ ფოტოგალერეა)

კუნძული კეიმადა-გრანდი

აკრძალვის მიზეზი: უამრავი შხამიანი გველი

კუნძული, რომელიც ბრაზილიის ნაპირებიდან 35 კილომეტრში მდებარეობს, მხოლოდ გარეგნულად ჰგავს სამოთხეს. ამ ადგილებში მოგზაურობა სიცოცხლის ფასად შეიძლება დაგიჯდეთ, რადგან იგი შხამიანი გველებით არის სავსე: 0,43 კვადრატული კილომეტრის ფართობზე 4000-მდე გველი ბინადრობს. მათგან ყველაზე საშიში - კუნძულის ბოთროპსია. მისი ნაკბენი მომენტალურ სიკვდილს იწვევს. ამიტომ, ბრაზილიის მთავრობა კრძალავს სტუმრობას კუნძულზე, რომელმაც ხალხში უკვე დაიმკვიდრა სახელი, როგორც "გველების კუნძულმა".

კუნძული სიურტსეი

აკრძალვის მიზეზი: სამეცნიერო ექსპერიმენტები

1963 წელს ისლანდიის წყლებში რამდენიმე წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა და მოკლე ხანში ახალი კუნძული (2,7 კვადრატული კმ) წარმოიქმნა. კუნძული სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების ყურადღების ცენტრში უმალვე აღმოჩნდა, რადგან იგი კუნძულისა და მასზე სიცოცხლის წარმოშობის სანიმუშო მოდელს წარმოადგენს. კუნძულს სახელი მითოლოგიური გმირის - სურტის - ცეცხლოვანი დევების მეთაურის პატივსაცემად ეწოდა და ტურისტებისთვის დახურული ზონა გახლავთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მეცნიერები აკვირდებოდნენ, როგორ "ითვისებენ" ახალ მიწას მცენარეები, მწერები, ფრინველები, ჭიები, როგორ ნაყოფიერდება ერთ დროს უნაყოფო ვულკანური პემზა. თუ 1980-იან წლებში კუნძულზე მცენარეების მხოლოდ 20 სახეობა ხარობდა, 2008 წლისთვის მათი რაოდენობა 69-მდე გაიზარდა. 2000 წლისთვის ეროზიამ და ზღვის ტალღებმა კუნძულის ფართობი 1,5 კვადრატულ კილომეტრამდე შეამცირა, მაგრამ, მეცნიერების აზრით, ამჟამად "შემცირების" პროცესი შენელებულია. 2008 წელს იუნესკომ სიურტსეი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, რითაც მისი უდიდესი მეცნიერული ფასეულობა აღიარა.

ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული

აკრძალვის მიზეზი: აბორიგენების აგრესია

ბენგალის ყურეში ანდამანის ერთ-ერთ კუნძულზე, რომელიც ფორმალურად ინდოეთს ეკუთვნის, სენტინელების საშიში ტომი ბინადრობს. ტომი ცივილიზაციასთან ნებისმიერ კონტაქტს თავს არიდებს და სასტიკად ეწინააღმდეგება მის შემოჭრას. მეცნიერების ვარაუდით, აბორიგენებმა იზოლაციაში დაახლოებით 60 000 წელი გაატარეს. ამჟამად, კუნძულზე 50-დან 400 ადამიანამდე ცხოვრობს. 2004 წელს მათ ისრები დაუშინეს ინდოეთის მთავრობის ვერტმფრენს, რომელმაც გადაწყვიტა მოეკითხა კუნძულის ბინადარნი ცუნამის შემდეგ. 2006 წელს კი აბორიგენების მსხვერპლი რამდენიმე მეთევზე გახდა, რის შემდეგაც მთავრობამ თანამემამულეებს მოუწოდა, თავი შორს დაეჭირათ კუნძულისგან. მეცნიერების ყველა მცდელობა, დაემყარებინათ რაიმე კონტაქტი აბორიგენებთან, წარუმატებელი აღმოჩნდა. გარდა აგრესიული ბინადრებისა, კუნძულზე მოსახვედრად კიდევ ერთი სირთულე არსებობს: ხმელეთის ეს პატარა ნაწილი რიფებით არის გარშემორტყმული, რომლებთან შეჯახებით არაერთი გემი დაიმსხვრა.

ტაძარი ისე იაპონიაში

აკრძალვის მიზეზი: შესვლა მხოლოდ რჩეულთათვის

იაპონიაში ყველაზე მთავარ სიწმინდედ ტაძრების კომპლექსი ისე-ძინგუ ითვლება. ძირითადი ტაძარი მაღალი ხეებით არის გარშემორტყმული, შიგნით მოხვედრა კი მხოლოდ მაღალი წოდების მღვდელთმსახურებსა და იმპერატორის ოჯახის წევრებს შეუძლიათ. 1945 წლამდე ის კიდევ უფრო ძნელად მისაღწევი ადგილი იყო: გარესამყაროსგან მდინარე მიაგავათი იყო გამოყოფილი, რომელიც წმინდა მიწის საზღვრის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ბერებს სასტიკად ეკრძალებოდათ მდინარის გადალახვა - ეს სიწმინდის შელახვად ითვლებოდა და მთელი იაპონიისთვის უბედურებას მოასწავებდა.

ვეფხვების ნაკრძალები ინდოეთში

აკრძალვის მიზეზი: იშვიათი ცხოველების პოპულაციის შენარჩუნება

2012 წელს ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ტურისტებისთვის დახურულ ზონად გამოაცხადა ყველა ეროვნული პარკი, სადაც ბენგალური ვეფხვები ბინადრობენ. ინდოეთის ყველა შტატის ხელისუფლებას ცხოველებისთვის ბუფერული ზონის შექმნა მიეთითა. ამ ზომებმა ტურიზმის სფეროს ზიანი მიაყენა, მაგრამ ვეფხვების პოპულაციის აღდგენას შეუწყო ხელი - ბოლო წლების განმავლობაში ინდოეთში ვეფხვების რაოდენობამ 30%-ით მოიმატა.

კუნძული გრიუინარდი

აკრძალვის მიზეზი: ბიოლოგიური იარაღის გამოცდა

1942 წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ შოტლანდიური კუნძული გრიუინარდი (196 ჰა) გამოისყიდა ბიოლოგიური იარაღის - ციმბირის წყლულის გამოსაცდელად. ბრიტანელები შედეგებით კმაყოფილი დარჩნენ: გაირკვა, რომ ციმბირის წყლული სერიოზულად აბინძურებს ტერიტორიას და ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. 80-იან წლებამდე კუნძული ერთ-ერთი ყველაზე სიკვდილიანი ადგილი გახლდათ - შესვლა აკრძალული იყო. მხოლოდ 1986 წელს დაიწყეს ბოლოს და ბოლოს მეცნიერებმა კუნძულის "დასუფთავება": მათ 280 ტონა ზღვის წყალში გახსნილი ფორმალდეგიდი მოაყარეს მიწას, შემდეგ კი გრიუინარდში ცხვრები შეუშვეს. ცხოველები უვნებლად გადარჩნენ, 1990 წელს კი კუნძული უსაფრთხოდ გამოაცხადეს. თუმცა იქ დასახლება არავინ მოინდომა. არქეოლოგები ირწმუნებიან, რომ ციმბირის წყლულის ნარჩენები კუნძულის ნიადაგში ჩარჩა, ეს კი ნიშნავს, რომ ის სიცოცხლისთვის გამოუსადეგარია მომდევნო 100 წლის განმავლობაში.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE