ამერიკა Volkswagen-ის წინააღმდეგ

გერმანული ავტოგიგანტი Volkswagen, რომელიც ე.წ. დიზელის სკანდალში გასული წლის სექტემბერში გაეხვა, როგორც ჩანს, შედეგებს ჯერ ისევ იმკის და თავს ადვილად ვერ დაიძვრენს.

აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატი რიგით მეოთხე გახდა, რომელმაც კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მომხმარებლების მოტყუებისა და სუფთა ჰაერის დაბინძურების გამო. შტატი კომპანიისგან მომხმარებლების სასარგებლოდ ფინანსურ ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა კონკრეტული თანხის მოცულობა ამ ეტაპზე არ ხმაურდება. დანარჩენი სამი შტატი, რომლებმაც სასამართლოს ასევე სარჩელით მიმართეს, არიან ტეხასი, ნიუ მექსიკო და დასავლეთ ვირჯინია. მათგან განსხვავებით, კალიფორნია საკუთარი ორგანიზაციების - „ჰაერის რესურსების პალატისა“ და „იუსტიციის დეპარტამენტის“ მეშვეობით უჩივის.

ნაკლებ სავარაუდოა „ფოლქსვაგენმა“ ადვილად მოიგერიოს ცალკეული საჩივრები, რომელიც მხოლოდ კალიფორნიის მასშტაბით კერძო პირების მხრიდან უკვე 500-ს აღემატება.

„ფოლქსვაგენმა“ 2008 წლიდან დღემდე მხოლოდ ამერიკაში დაახლოებით 580 ათასი დიზელის ძრავიანი ავტომობილი გაყიდა, რომლებიც როგორც გაირკვა, ე.წ. ჩიპების წყალობით ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს აყალბებდნენ მაშინ, როდესაც რეალურად ის 40-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

კოკა კვირკველია