ბანკებმა მთელი ბიზნესი გირაოში მოაქციეს

ბანკები არაპროფილური ბიზნესის მართვას ისევ თამამად აგრძელებენ, უფრო მეტიც, სპეციალისტების განცხადებით, მათ მთელი ქართული ბიზნესი გირაოში აქვთ ჩადებული, ხოლო ეროვნული ბანკი მათი "ოფიციალური აგენტია". როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამგვარ მდგომარეობაში, რომელსაც არაჯანსაღი კონკურენციაც ემატება, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ადასტურებს, რომ ბანკები არაპროფილურ ბიზნესს ძველებურად აკონტროლებენ და ამ მიმართულებით, ფაქტორივად, არაფერი შეცვლილა. აქედან გამომდინარე, საქართველოში კონკურენცია მკვდარია და ეკონომიკა ამიტომაც ვერ ვითარდება.

"რაღაც ფორმა შეცვალეს, მაგრამ იგივე სქემით მოქმედებენ. მე ვიცი, რომ სამშენებლო კომპანია "მ2" "საქართველოს ბანკის" კუთვნილი კომპანიაა. ბანკის ფუნქციაა, რომ მან ფული სხვა ბიზნესის ხელის შეწყობით იშოვოს. წარმოიდგინეთ, რომ ყველაზე მსხვილი ბანკი საქართველოში, რომელიც სამშენებლო კომპანიას ფლობს, ის სხვა კომპანიებს კონკურენტად აღიქვამს. კონკურენტს როგორც მინიმუმ ხელს თუ არ შეუშლის, არც დაეხმარება," - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი და დასძენს, რომ ეს მარტო სამშენებლო სექტორს არ ეხება. ბანკები ფლობენ სამედიცინო, ტურისტულ, საგანმანათლებლო, ღვინის წარმოებისა თუ საკალმახე მეურნეობებს.

"ყველგან აქვთ ბიზნესები. თქვენ წარმოიდგინეთ, პატარა ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საკალმახე. მისთვის როგორია ბანკის ქოლგის ქვეშ მყოფ კომპანიასთან კონკურენცია. ამიტომ არ ვითარდება საქართველოში ბიზნესი. ბანკი არის ორგანიზაციისთვის სისხლის მიმოქცევის სისტემა, რომელიც არ მუშაობს და ეს ორგანიზმი კვდება", - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

მისი აზრით, თუკი ხელისუფლება მოინდომებს, საბანკო სექტორს სხვა ბიზნესისგან რეალურად გამიჯნავს და ეს პროცესი არც ისე რთული იქნება. სხვა შემთხვევაში კომპანიები გაკოტრდებიან და ბანკები გამდიდრდებიან და მათ ქონებასაც დაისაკუთრებენ.

პროფესორი დავით ასლანიშვილი ასევე აცხადებს, რომ ბანკებისა და მათი არაპროფილური ბიზნესის გამიჯვნა მხოლოდ ფორმალურად მოხდა. ბანკები სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ინსაიდერული პირების მეშვეობით, ისევ მართავენ არასაბანკო კომპანიებს.

"ისინი ყველგან არიან შესული - სამშენებლო, სადაზღვევო სექტორები და სხვა. აგერ ბოლომდე ჩაყლაპეს საფონდო ბირჟა. იურიდიულად არ ჩანს, თორემ კონკრეტული კომპანიები კვლავ ბანკის საკუთრებაშია, თუმცა მათ მიერ შექმნილ ფირმებს ინსაიდერების მეშვეობით აკონტროლებენ. ეროვნულმა ბანკმა გასცა ფორმალური ბრძანება და შესაბამისად იგი ფორმალურად შესრულდა.

ეს პროცესი ანადგურებს ეკონომიკას, ვინაიდან ბაზარი კონკურენტული არ არის. კლასიკური გაგებით, კომერციულმა ბანკმა უნდა გასცეს სესხი და მორჩა. განვითარებულ ქვეყნებში ბანკებს სხვა კომპანიებში წილობრივი მონაწილეობის უფლება შეზღუდული აქვთ", - ამბობს დავით ასლანიშვილი და დასძენს, რომ საქართველოში ეს შეზღუდვა კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობით 2007-08 წლებში მიღებული კანონებით გაუქმდა. შესაბამისად, ბანკებს მიეცათ უფლება, რომ არასაბანკო სფეროში შესულიყვნენ.

ასლანიშვილის ინფორმაციით, ამჟამად კომერციულ ბანკებს 300 მილიარდ ლარზე მეტი ქონება აქვთ გირაოში ჩადებული. როდესაც მსხვილი ბიზნესმენი ბანკში ფულის სასესხებლად მიდის, მას სესხის უზრუნველსაყოფად, ფაქტობრივად, მთელ ქონებას აგირავებინებენ. ეს პროცესი კი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას ართულებს.

"საქართველოში, მაგალითად, 16 მილიარდი ლარის სანაცვლოდ დაგირავებულია 300 მილიარდი ლარის ქონება. საერთაშორისო პრაქტიკით, ამ რაოდენობის სესხი 40 მილიარდ ლარამდე ქონებით არის უზრუნველყოფილი. როდესაც ბიზნესმენი მიდის ბანკში და იძულებულია, რომ ნახევარმილიონიანი სესხის სანაცვლოდ გირაოში 40-ჯერ მეტი გირაოს საგანი ჩადოს, მას განვითარების შესაძლებლობა ესპობა. ჩვენთან, რომ არსებოდეს კლასიკური მოდელი, სესხის სანაცვლოდ გირაოს მოთხოვნა 1-2-თან ან 1/3-თან, ბიზნესი დანარჩენ აქტივს სხვა სახის ფულადი რესურსის მოსაზიდად გამოიყენებდა", - აცხადებს დავით ასლანიშვილი და დასძენს, რომ კომერციულმა ბანკებმა მთელი ბიზნესი გირაოში მოაქციეს, ხოლო ეროვნული ბანკი არის მათი დაქირავებული აგენტი.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ოქტომბერში, მენაშენეთა ასოციაციის არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საზოგადოებას ახალი გადაწყვეტილება გააცნო. კომერციულ ბანკებს არაპროფილური ბიზნესები 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაეტოვებინათ.

"აღნიშნული გადაწყვეტლება უზრუნველყოფს, რომ ინტერესთა კონფლიქტის ყველანაირი რისკი კომერციულ ბანკებსა და დეველოპერულ ინდუსტრიას შორის ამოიწუროს და, შესაბამისად, მიღებული იქნება საზედამხედველო დირექტივები ამა თუ იმ მოთამაშესთან დაკავშირებით", - ასე განმარტა მიღებული გადაწყვტეილება გიორგი ქადაგიძემ. მოგვიანებით კი, კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა გააკეთეს განცხადებები, რომ მათ ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესრულება დაიწყეს.

ცოტა ხნის წინ გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ არაპროფილური აქტივების გამიჯვნა ხორციელდება და დასძინა, რომ ასეთი ფაქტები დიდი ოდენობით ისედაც არ იყო.

"რაც შეეხება იმას, რომ ბანკის აქციონერებს უნდათ ინვესტიცია სხვა ნებისმიერ ბიზნესში განახორციელონ, ამაში მე ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ და ჩვენც მხოლოდ ხელს შევუწყობთ. ბანკის მეშვეობით არაპროფილური აქტივების ფლობა აკრძალულია და ეს ინვესტიციები ბანკის მეშვეობით არ ხორციელდება", - დაასკვნა გიორგი ქადაგიძემ.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რეალურად კომერციულ ბანკებს მათ მიერ შექმნილ კომპანიებზე მეურვეობა არც შეუწყვეტიათ. ამიტომ, ისინი ხელისუფლებას უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას სთხოვენ.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"