121-ე საბავშვო ბაღს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა

121-ე საბავშვო ბაღს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა, - ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, ვაზისუბნის დასახლების I მკ/რნ-ში მდებარე 121-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მასშტაბური სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები დასრულდა და 8 თებერვლიდან სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდა.

განახლებული ბაგა-ბაღი დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ, ისნის რაიონის გამგებელმა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ დაათვალიერეს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოები წყალგაყვანილობა-საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას, ელექტრომომარაგების რეაბილიტაციას, შიდა სარემონტო სამუშაობს, სააღმზრდელო ოთახების შიდა სივრცეებისა და ასევე, სპორტულ-გასართობი დარბაზის მოწყობას მოიცავდა.

გარდა ამისა, 121-ე ბაღს, რომელშიც ამჟამად 470-მდე ბავშვი ირიცხება, კიდევ ერთი სააღმზრდელო ჯგუფი დაემატა. აუთვისებელი ფართის გარემონტებისა და აღჭურვის შედეგად განახლებულ შენობაში დამატებით 35-მა ბავშვმა დაიწყო სააღმზრდელო პროცესი.

"ამ საბავშვო ბაგა-ბაღში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. გამოვაცხადეთ ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე და დღეს უკვე ჩვენს პატარებს ასეთ ლამაზ გარემოში უწევთ ყოფნა. დარჩენილია გარე ფასადის მოწესრიგება და ზაფხულში ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ. აღსანიშნავია, რომ შარშან დედაქალაქის 125 საბავშვო ბაღი გავარემონტეთ", - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ.

მერიის ინფორმაციით, სარემონტო-სარეკონტრუქციო სამუშაოების ღირებულებამ 250 000 ლარი შეადგინა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტით სარემონტო სამუშაოები კიდევ ოცამდე ბაღში ჩატარდება.