ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს 100 მლნ ევრო გამოუყო

ფინანსთა სამინისტროში ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" შორის "ქუთაისის წყალარინების პროექტის" განხორციელების მიზნით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ და შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ ხუციშვილმა.

"ქუთაისის წყალარინების პროექტის" დაფინანსების მიზნით, EIB-მ საქართველოსთვის გამოყო 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2015 წლის 15 ოქტომბერს EIB-ის ვიცე-პრეზიდენტის, ლასლო ბარანიაის საქართველოში პირველი ვიზიტის დროს გაფორმდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ქუთაისის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. კერძოდ, შეიცვლება ძველი და დამონტაჟდება ახალი საკანალიზაციო მილები, ჩამდინარე წყლების ახალი სატუმბი სადგურები, მოეწყობა ახალი და მოხდება ძველი საკანალიზაციო ჭების რეაბილიტაცია; აშენდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ახალი ნაგებობა.

პროექტს განახორციელებს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია".

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით წყლის სექტორში მიმდინარეობს ორი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების მასშტაბით წყლისა და სანირების სფეროში ეფექტურობის, მომსახურების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით პროექტების განხორციელებას.