აეროპორტის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანია მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

Black Sea Group-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბლიტაციის სამუშაოებისას მუშის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს თანადგომას უცხადებს.

ამასთან, როგორც კომპანიის ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ზურაბ ორჯონიკიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, "შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველა საჭირო პროცედურა, რაც კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე არის დადგენილი, სრულად იყო დაცული".

ორჯონიკიძის ინფორმაციით, პირველადი ვერსიით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც 26 წლი მუშა დაიღუპა. Black Sea Group-ის წარმომადგენელი სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს და მომხდარს კვალიფიკაციას სწორედ სამართალდამცველები მისცემენ.

გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასაფრენ-დასაფრენი ზოლ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა. დაღუპული კომპანია Black Sea Group-ის თანამშრომელი იყო, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.