საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კობა გვენეტაძეს არ იცნობენ

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილ კობა გვენეტაძეს არ იცნობენ და ჯერ არ იციან, დაუჭერენ თუ არა მას მხარს.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, ფრაქცია "ქართულ ოცნება" უახლოეს დღეებში გამართავს სხდომას, სადაც გვენეტაძის კანდიდატურის შესახებ იმსჯელებენ. მეჭიაურის თქმით, კობა გვენეტაძის საქმიანობას არ იცნობს და შესაბამისად, ამ ეტაპზე არც იმის თქმა შეუძლია, თუ რა პოზიცია ექნება საპარლამენტო უმრავლესობას.

იგივეს აცხადებს დეპუტატი თემურ მაისურაძეც.

"მე პირადად კობა გვენეტაძეს არ ვიცნობ, ჩვენი გუნდის განწყობა და არგუმენტები კი ჯერ არ მომისმენია, ვინაიდან ამაზე არ გვქონია მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში", - განაცხადა მაისურაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარედგინება. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 25 თებერვალს ეწურება.