აფხაზური მედია - "ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება

"ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს.

მათი ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურზე 25 იანვრიდან 15 აპრილამდე დროებითი გათიშვის სისტემა ამუშავდა. კომპანია "ჩერნომორენერგოს" წარმომადგენლების განცხადებით, ამ ზომის მიღება აუცილებელი გახდა, ვინაიდან წყლის დონე რეზერვუარში კრიტიკულ დონემდე შემცირდა.

როგორც "ენგურჰესის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ განაცხადა, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიის მოხმარებას არ დაზოგავს, იგი ორ წელიწადში შესაძლოა, დენის გარეშე დარჩეს. ხოლო ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკური დირექტორის, გია ხუბუას განცხადებით, თუ არ იქნება წყალუხვობა, მაშინ წყლის დონე 420 მეტრამდე შემცირდება, რის შემდეგაც, ინსტრუქციის მიხედვით, ტურბინის მუშაობა შეჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰესი მუშაობას შეწყვეტს.

"ოპტიმისტური პროგნოზებით, წყალუხვობა მარტის დასაწყისში დაიწყება, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში - აპრილის შუა რიცხვებში", - განაცხადა ხუბუამ.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წელია, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, რის გამოც დროებითი გათიშვის სისტემის ჩართვა შედეგს არ გამოიღებს.

"ენგურჰესი" ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. ჰიდროაგრეგატები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, კაშხალი და წყალსაცავი კი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.