ჯორჯ სოროსი - 2017 წელს რუსეთი გაკოტრდება

ამერიკელი ფინანსისტის, მილიარდერი ჯორჯ სოროსის განცხადებით, რუსეთს 2017 წელს გაკოტრება ემუქრება.

„პუტინის რეჟიმს 2017 წელს გაკოტრება ემუქრება, როცა რუსეთს საგარეო ვალის გასტუმრების დრო დაუდგება, პოლიტიკური მღელვარება კი შესაძლოა, უფრო ადრეც დაიწყოს“,- წერს სოროსი Project Syndicate-სთვის დაწერილ ბლოგში.

ამერიკელი ფინანსისტი ბლოგში ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის პოპულარობა ძირითადად „საზოგადოებასთან დადებულ კონტრაქტს“ ეყრდნობა, რომლის თანახმად, პიტინმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა და ცხოვრების დონის ზრდა.

„თუმცა, დასავლური სანქციებისა და ნავთობზე ფასების ვარდნის გამო რუსეთის ხელისუფლებას არცერთი ამ მოთხოვნის შესრულება არ შეუძლია. რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 7%-ს შეადგენს და ხელისუფლებამ ის 3%-მდე უნდა შეამციროს, რომ ინფლაციაზე კონტროლი არ დაკარგოს“, - წერს სოროსი.

ამერიკელი მილიარდერი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინის რეჟიმისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება დაშლის თავიდან ასაცილებლად, ეს ევროკავშირის უფრო ადრე დაშლის პროვოცირებაა.

„დანაწევრებული ევროკავშირი უძლური იქნება შეინარჩუნოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. მეორეს მხრივ, პუტინი შეძლებს მიიღოს ეკონომიკური უპირატესობა დაყოფილი ევროპისგან და გამოიყენოს საკუთარი კომერციული მიზნებისათვის", - აღნიშნავს სოროსი.

ამასთან ერთად, ამერიკელი ფინანსისტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ევროპისთვის უფრო მეტი საფრთხეა, ვიდრე ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე