მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის მეორე კორპუსი გახსნეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, 72 ადამიანზე გათვლილ თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ახალი კორპუსის მშენებლობას საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა. მიმღები ცენტრის მშენებლობა, აშშ-ის ევროპული სარდლობის ხელმძღვანელობით, აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა უზრუნველყო.

უწყების ინფორმაციით, მსოფლიოში მიმდინარე გამწვავებული კონფლიქტების შედეგად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაოცმაგდა. თავშესაფრის მაძიებელთა მზარდმა ნაკადმა მათი განთავსების შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობა განაპირობა. ამ დრომდე საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა ერთადერთი მიმღები ცენტრი ფუნქციონირებდა, რომელიც 60 პირზეა გათვლილი.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შენობა აღჭურვილია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, რაც თავშესაფრის მაძიებლებს საქართველოში ყოფნის პერიოდში მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. ცენტრში მოწყობილია ტრენაჟორების დარბაზი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, კომპიუტერების, საკლასო, მოსასვენებელი და შეხვედრების ოთახები. გარემო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.

მიმღები ცენტრის მშენებლობისათვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 951,725 $ გამოყო. გაერო-ს დაფინანსებით ახალი კორპუსისათვის შეძენილი იქნა 155 000 ლარის ღირებულების ავეჯი და ტექნიკა.

სპეციალურად გახსნის ცერემონიისათვის საქართველოში ჩამოვიდა აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ტაილერი. გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი ჰაი შელოუ, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული.