ტოპ-10 ბესტსელერი, რომლებზეც ფილმები გადაიღეს

წარმოგიდგენთ იმ ცნობილ ბესტსელერებს, რომელთა მიხედვით არანაკლებ წარმატებული და შემოსავლიანი ფილმები გადაიღეს:

და ვინჩის კოდი

ამერიკელი მწერლის დენ ბრაუნის 2003 წლის ბესტსელერი მსოფლიოში 80 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. წიგნმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენელთა შორის. იგივე მოხდა 2006 წელს, როდესაც რომანის მიხედვით რონ ჰოვარდმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, მთავარ როლში ტომ ჰენქსით. ბევრ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ფილმს საზოგადოების გარკვეული წრის პროტესტი მოჰყვა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვინც "და ვინჩის კოდს" ნახავდა, ცოდვაში დგამდა ფეხს. პრემიერის პირველსავე კვირას ფილმმა 224 მილიონი დოლარი მოიტანა მსოფლიოს მასშტაბით და 2006 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაში მეორე ადგილი დაიკავა "კარიბის ზღვის მეკობრეების" შემდეგ.

გეიშას მემუარები

ამერიკელი ავტორის არტურ გოლდენის დებიუტი 1997 წელს ლიტერატურული სენსაცია და ბესტსელერი გახდა. სიუჟეტი იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გეიშას რეალურ ისტორიაზეა აგებული. წიგნის მიხედვით 2005 წელს რობ მარშალმა ფილმი გადაიღო, რომელიც ძალიან ლამაზი სანახაობა გამოდგა, მაგრამ ეკრანზე ადაპტირებისას ლირიკულობის ნაწილი დაკარგა, რომლითაც სავსე იყო ნაწარმოები. ფილმი "ოსკარის" 6 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, საიდანაც სამის მოპოვება შეძლო.

გრეის 50 ელფერი

2015 წელს ხალხის დიდი მოლოდინი და ყურადღება ი ელ ჯეიმსის ეროტიკული რომანის "გრეის ორმოცდაათი ელფერის" კინოადაპტაციისკენ იყო მიპყრობილი. ფილმი სრული კატასტროფა გამოდგა, პრინციპში, არც მისი ლიტერატურული პირველწყარო დაიკვეხნის მაღალი მატერიების ქონას. ჯეიმსი წიგნის დაწერამდე "ბინდის" ფორუმზე წერდა "ფან ფიქშენს", როდესაც საიტს ძალიან ბევრი მკითხველი გაუჩნდა, მას სხვადასხვა გამოცემები დაუკავშირდნენ და საბოლოოდ მივიღეთ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ლიტერატურული ტრილოგია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2011 წელს გამოცემული წიგნი მსოფლიოს მასშტაბით 125 მილიონი ეგზემპლარის ოდენობით გაიყიდა, ითარგმნა 52 ენაზე. 2015 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი დაკოტა ჯონსონისა და ჯეიმი დორნანის მონაწილეობით არანაკლებ შემოსავლიანი გამოდგა: პროდიუსერებს 571 მილიონი დოლარი მოუტანა.

დროში მოგზაურის ცოლი

ოდრი ნაიფენეგერის სასიყვარულო რომანი ერთგვარი რომანტიკული მახეა, როგორც შინაარსით, ისე გადატანითი მნიშვნელობით, რადგან მისი კითხვა ნამდვილად "დაგატყვევებთ". საოცარი სასიყვარულო ისტორია გრძნობის დროსა და სივრცის მიღმა არსებობაზე მოგვითხრობს. 2009 წელს რობერტ შვენტკემ ბესტსელერის საკმაოდ კარგი ადაპტაცია გადაიღო, ერიკ ბანასა და რეიჩელ მაკადამსის მონაწილეობით.

უხილავი მხარე

მაიკლ ლუისის ბესტსელერი 2007 წელს ამერიკაში კარგად იყიდებოდა. შესაბამისად, არ დაახანა მისმა კინოვერსიამაც და 2009 წელ სჯონ ლი ჰენკოკმა ფილმი გადაიღო ლუისის რომანზე, სადაც მთავარ როლს სანდრა ბალოკი თამაშობდა. საბოლოოდ, ამ უკანასკნელმა ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოსკარი" მიიღო.

მოსამსახურე

კეტრინ სტოკეტის 2009 წელს გამოცემული რომანი 60-იან წლებში ამერიკის ყველაზე რასისტულ შტატ მისისიპიში მცხოვრებ აფრო-ამერიკელებზე მოგვითხრობს, რომლებიც მაღალი ფენის წარმომადგენელ თეთრკანიან ადამიანებთან მსახურობენ. წიგნი ერთდროულად იყო გასართობი, დრამატული და მნიშვნელოვანი სოციალური განაცხადი. 2 წელიწადში წიგნის 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მასზე 2011 წელს ტეიტ ტეილორმა მშვენიერი ფილმი გადაიღო, რომელიც "ოსკარზეც" იყო ნომინირებული და ერთ-ერთი როლის შემსრულებელს - ოქტავია სპენსერს "ოსკარიც" მოუტანა.

უბის წიგნაკი

ნიკოლას სპარკსი ზედმეტად სენტიმენტალური მწერალია, მაგრამ ალბათ 1996 წლის "უბის წიგნაკში" ყველაზე კარგად მოახდინა რაფინირება ზედმეტი სენტიმენტებისა და რომანტიკის. ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორია მალევე იქცა ბესტსელერად, მის მიხედვით 2004 წელს გადაღებული ფილმი კი რაიან გოსლინგის და რეიჩელ მაკადამსის მონაწილეობით, სხვადასხვა ტოპ სიებში დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო რომანტიკული ფილმია.

შიმშილის თამაშები

სიუზენ კოლინსის The Hunger Games მსოფლიო ბესტსელერად იქცა და ჰარი პოტერის ჩამნაცვლებლადაც მოიხსენიებენ ხოლმე. ტრილოგია მსოფლიო მასშტაბით 65 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. მის მიხედვით ფილმების გადაღება 2012 წელს დაიწყო და გასულ წელს დასრულდა მეოთხე სურათით. როგორც წიგნმა, ისე ფილმებმა ძალიან დიდი შემოსავალი მოუტანეს შემქმნელებს - 3 მილიარდ (!) დოლარამდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯენიფერ ლოურენსი კი სწორედ "შიმშილის თამაშებში" შესრულებულმა კეტნისის როლმა აქცია ვარსკვლავად.

ბინდი

"ბინდი" სტეფანი მაიერის ვამპირული საგაა, რომელიც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ გენდერული კლიშეებისთვის. მიუხედავად ძალიან ცუდი რევიუებისა, წიგნის სერიები მაინც ბესტსელერად იქცა. 2011 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში მისი 130 მილიონამდე ეგზემპლარი გაიყიდა. წარმატებული გამოდგა "ბინდის" მიხედვით გადაღებული ფილმებიც, რომელთა საერთო შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ჰარი პოტერი

ჰარი პოტერის ეპოპეა ალბათ, 21-ე საუკუნის ყველა ადამიანის ბავშვობის განუყოფელი ნაწილია. ჯეი ქეი როულინგმა პირველი ნოველა - "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" 1997 წელს დაწერა და წიგნი გამოსვლის დღიდანვე იქცა მსოფლიო ბესტსელერად, ფენომენალურ ნაწარმოებად. ბოლო ოთხმა წიგნმა კი ყველა დროის რეკორფი მოხსნა გაყიდვის სისწრაფით: აშშ-ში გამოცემიდან 24 საათში 11 მილიონიეგზამპლარი გაიყიდა. ჰარი პოტერის სერიებზე გადაღებული 8 ფილმი კი ის იშვიათი კინონიმუშებია, როცა ფილმი მის ლიტერატურულ პირველწყაროს ჭეშმარიტ პატივს მიაგებს.

წყარო: AMBEBI.GE