როგორ გავისტუმროთ საბანკო ვალდებულებები სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში

ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყანაში მოქალაქეების მდგომარეობა საგრძნობლად გააუარესა.

ხშირია სამსახურის დაკარგვის შემთხვევებიც, რადგან კომპანიებს არსებული რეალობის გათვალიწინებით, კადრების შემცირება უწევთ. სამსახურიდან მოულოდნელად დათხოვილი მოქალაქე სხვა პრობლემებთან ერთად კიდევ ერთი, დამატებითი საფრთხის წინაშე დგება: როგორ შეასრულოს ბანკთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებზეც ხელი სესხის აღების დროს მოაწერა?

”საქართველოს ბანკის” სერვისების ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელსაც ბანკში 2000 ლარი სესხის სახით აქვს აღებული, ”ბიზნესპრესნიუსს” თავის პრობლემაზე ესაუბრა: ”საქართველოს ბანკში 2 000 ლარის ოდენობის სესხი ავიღე. ნახევარი გადავიხადე. მაგრამ ცოტა ხნის წინ სამსახური დავკარგე და მივხვდი, დარჩენილი ნაწილის გადახდას ძველი პირობებით ვეღარ შევძლებდი. თვეში დაახლოებით 200 ლარის გადახდა მიწევდა. ამიტომ მივმართე ბანკს და ვთხოვე, შეეჩერებინათ ან სესხის რესტრუქტურიზაცია მოეხდინათ. სამწუხაროდ, უარი მივიღე - ვიდრე ვადაგადაცილებები არ გექნებათ, ან ჯარიმა-საურავები არ დაგერიცხებათ, ალტერნატივას ვერ შემოგთავაზებთო”, - აცხადებს მოქალაქე.

ფინანსური მრჩეველი, ნათია ზედგენიძე ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და ბანკთან დაკისრებული მოვალეობების შესრულებას ვეღარ ახერხებენ, რჩევებს აძლევს.

”პირველ რიგში, მინდა ვთხოვო მათ, არ დაემალონ ბანკს, რადგან ამით მათი საკრედიტო ისტორია გაფუჭდება. ნეგატიური საკრედიტო ისტორია ნიშნავს იმას, რომ მომავალში სხვადასხვა ტიპის კრედიტორისგან, იქნება ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ ბანკი, რაიმე ტიპის ფინანსური რესურსის მოძიება თუ დასჭირდებათ, ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემათ. მეორე მხრივ, კარგი იქნებოდა ადამიანმა, რომელსაც ყოველთვიური შემოსავალი აქვს და სესხის აღებას ფიქრობს, თადარიგი დაიჭიროს და მინიმუმ 3-4 თვის რეზერვი მაინც შექმნას, რომ უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში, 3-4 თვის განმავლობაში მშვიდად გადაიხადოს თანხა და პარალელურად, ახალი სამსახური ეძებოს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ფაქტი სახეზეა, არ გვაქვს რეზერვი, სესხიც გადასახდელია, მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: ადამიანი მივიდეს კრედიტორთან, ბანკში, განაცხადოს იმის შესახებ, რომ მან დაკარგა სამუშაო, არ აქვს ყოველთვიური შემოსავალი და სესხის გადახდა უკვე რისკის ქვეშ დგება. ამ დროს ბანკს შეუძლია, რომ განიხილოს ამგვარი შემთხვევა, თუმცა ეს ბანკის კეთილი ნებაა”, - აღნიშნავს ნათია ზედგენიძე და ერთ-ერთ შესაძლებლობად სესხის რესტრუქტურიზაციას ასახელებს.

სესხის რესტრუქტურიზაცია არსებული სესხის მომსახურების პირობების ნებისმიერ სახეცვლილებას შეიძლება დაერქვას. თუმცა 2014 წელს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში სესხის რესტრუქტურიზაციის ყველაზე გავრცელებული ფორმა კლიენტის ყველა ვალდებულების გაერთიანება და მისი მეტ ვადაში გადანაწილება აღმოჩნდა.

მეტ ვადაში გადანაწილება კი, სესხს აძვირებს - კლიენტს კონკრეტული პერიოდის დასრულებისას, ჯამში მეტი თანხის გადახდა უწევს. თუმცა, მომხმარებლისთვის შეღავათია ყოველთვიურად ბანკში შესატანი თანხა, რომელიც საგრძნობლად მცირდება სესხის რესტრუქტურიზაციისას.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” პრეზიდენტი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ რთულია რჩევის მიცემა ადამიანისთვის, რომელმაც სამსახური დაკარგა. თუმცა გიორგი კეპულაძე უმუშევრობის დაზღვევაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე ბანკს ეს პროდუქტი უკვე აქვს. თუ მომხმარებელი უმუშევრობის დაზღვევით სარგებლობს, გარკვეული პერიოდის განვალობაში სადაზღვევო კომპანია მას საჭირო გადასახადს აუნაზღაურებს.

მისივე თქმით, მეორე გამოსავალი, ბანკისთვის სესხის რესტრუქტურიზაციის ან სესხის გაყინვის თხოვნით მიმართვაა. გიორგი კეპულაძე დასძენს, რომ ეს უკანასკნელი მთლიანად ბანკის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

”არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავემალოთ ბანკს, არ გამოვრთოთ ტელეფონი. პირიქით, უნდა წავიდეთ ბანკთან მოლაპარაკებაზე. ამ ადამიანურ და მორალურ მომენტს ყველა დააფასებს. ამ შემთხვევაში უფრო მოსალოდნელია, რომ ბანკი კეთილ ნებას გამოიჩენს და რაღაც დათმობაზე წავა”, - ამბობს გიორგი კეპულაძე და დასძენს, რომ ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობა ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე რეგულირდება და არანაირი სხვა კანონი, რომლითაც შეიძლება კლიენტმა ისარგებლოს, არ არსებობს.

თამარ კორკოტაშვილი