აბანოთუბანი, შესაძლოა, აბანოების გარეშე დარჩეს

აბანოთუბანში, აბანოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გადასახადის ახალი ტარიფი დაუდგინა, რაც აბანოს ხელმძღვანელების შეფასებით, არაგონივრულად მაღალია.

2015 წლის თებერვლამდე აბანოს ხელმძღვანელები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ სიტყვიერად შეთანხმებულ ფიქსირებულ თანხას უხდიდნენ. ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ კი, სემეკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ზღვრულ ტარიფზე გადაიყვანეს და კუბურ მეტრზე 90 თეთრის გადახდა დაეკისრათ. იქედან გამომდინარე, რომ აბანოში წყლის გადაკეტვა არ შეუძლიათ, რადგან წყლის საერთოდ დაკარგვის საფრთხე იქმნება, აბანოს ხელმძღვანელების განცხადებით, არაგონივრულად მაღალი გადასახადის გადახდა მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ აბანოს ხელმძღვანელები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ ძველი შეთანხმების შედეგად, განსაზღვრულ თანხას დღემდე უხდიან.

„ბახმაროს“, „ჯორჯიან სპას“, „შაკოს“, „ჭრელი აბანოს“ და „ნარიყალას“ ხელმძღვანელებმა პრობლემის მოგვარების თხოვნით პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტს, სამინისტროებს, მერიას, საკრებულოს და ტურიზმის დეპარტამენტს მივმართეთ. ერთადერთი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი გამოგვეხმაურა. წერილში აღნიშნულია, რომ ვინაიდან წყლის ჩაშვება-გაწმენდის ღირებულებისგან გათავისუფლების საკითხი კომიტეტის კომპეტენციას სცილდება, ჩვენი წერილი განსახილველად პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გადაეგზავნა. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა, თუმცა კონკრეტულ შედეგს ვერ მივაღწიეთ,“- განაცხადა „ნარიყალას“ ხელმძღვანელმა ნოდარ ტოტოღაშვილმა.

ხელმძღვანელების განცხდებით, იმ შემთხვევაში, თუ აბანოთუბანში არსებული აბანოების პრობლემის მოგვარებით არავინ დაინტერესდება, შესაძლოა, მათ დაწესებულების პროფილის შეცვლა გადაწყვიტონ, რაც თავის მხრივ, დასაქმებული ადამიანების უმუშევრად დატოვებას გამოიწვევს და ქალაქი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ობიექტს დაკარგავს.

(R)

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე